თბილისის კიდევ ერთი რაიონი „ნატბეური“ – €500 მლნ-იანი Gino Green City-ს პროექტი ახალი სახელით განხორციელდება

Gino Green City-ს €500 მილიონი პროექტი, რომლის იდეაც 2015 წლიდან გაჩნდა, ახალი სახელით განხორციელდება და თბილისის კიდევ ერთ რაიონად ფორმირდება. „ნატბეური“ ასეთია მასშტაბური საინვესტიციო პროექტის სახელწოდება, რომელსაც „ჯინო ჰოლდინგი“ საქართველოს განვითარების ფონდთან და თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის შესახებ „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა. იმის მიუხედავად, რომ სლოვაკურ-ქართულმა ჰოლდინგი პროექტზე თითქმის 10 წელია მუშაობს, ნოდარ გიორგაძეს სჯერა, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა წლის ბოლომდე დამტკიცდება, პროექტის სანებართვო და სამშენებლო სამუშაოები კი 2026 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.
„Gino Green City-ს პროექტი კიდევ ერთი მარგალიტია, რომლის შექმნაც საქართველოში შეგვიძლია. ეს კეთდება საქართველოს განვითარების ფონდთან და ქალაქის მერიასთან ერთად. სულ რამდენიმე დღის წინ ამ თემაზე კიდევ ერთი გასაუბრება იყო და პარამეტრების შეჯერება მოხდა. ჩვენ განაშენიანების რეგულირების გეგმის მასალების უკვე ატვირთული გვაქვს და მჯერა, რომ ამ წლის ბოლომდე გრგ დამტკიცდება. ვფიქრობ, ამ პროექტზე სანებართვო და მშენებლობის საკითხებზე მომავალი წლის გაზაფხულიდან გადავალთ, ასე რომ თბილისელებს კიდევ ერთი ულამაზესი პროექტი ელოდება – თანამედროვე XXI საუკუნის სტანდარტების შესაბამისად.
ეს პროექტი მოიცავს ჩვენი ბულვარის ტერიტორიიდან ლოტკინამდე, ნაძალადევამდე და თემქამდე არსებული სივრცეების განვითარებას, რაც დაახლოებით 35 000 მცხოვრებელზე გათვლილი რაიონი“, – ამბობს ნოდარ გიორგაძე და იქვე განმარტავს, რატომ გადაწყვიტა პროექტის სახელის ცვლილება: „ამ პროექტს ადრე Gino Green City ერქვა, კვლევები რომ ჩატარდა, აღმოჩნდა, რომ ამ ადგილს ისტორიულად ერქვა ნატბეური და ამ პროექტს სახელი შევუცვალეთ. ამ პროექტს ერქმევა ნატბეურის რაიონი“.
პროექტის განხორციელების ვადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ინვესტორი ამბობს, რომ პროექტის დასრულება მომავალ 10 წელიწადში სურს.
„ძალიან მინდა, რომ ეს პროექტი მომავალ წელს დავიწყოთ. ამ პროექტზე 2015 წლიდან ვმუშაობთ, 10 წელი გავიდა უკვე და ახლა მივადექით გრგ-ს დამტკიცებას. ამ პროექტის დასრულება უახლოესი 10 წლის განმავლობაში მინდა. მთავარი იყოს გრგ, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი სივრცეები, სკოლა, ბაღი, პოლიკლინიკა – ყველაფერი გათვლილი იქნება თანამედროვე სტანდარტებზე“, – განაცხადა „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა.