თბილისის „გრანდ სლემის” მეორე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს და სამი მედალი: ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.
ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე არმენ აღაიანი დაამარცხა ტიტული შეინარჩუნა და თბილისის ,,გრანდ სლემის” ჩემპიონობა მესამედ იზეიმა. ფინალურ შეხვედრამდე ქართველმა სპორტსმენმა რუმინელი, აზერბაიჯანელი და ავსტრიელი სპორტსმენები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ფრანგ მოწინააღმდეგეს სძლია.
ძიუდოისტმა ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგი არნაუ არეგბა 20 წამში დაამარცხა. მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე მან ისრაელელი, უნგრელი და ფრანგი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალი კი მოლდაველ სპორტსმენთან დათმო.
ძიუდოისტმა ირაკლი ბეროშვილმა (-81 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კანადელი ფრანსუა გოტიე დრაპუ დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე მან შვეიცარიელი, უზბეკი და მონღოლი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, ნახევარფინალი კი თურქ სპორტსმენთან დათმო. 24 წლის ირაკლი ბეროშვილისთვის ეს “გრანდ სლემზე” მოპოვებული პირველი მედალია.
ტურნირის პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა, ამავე წონაში ნინო ლოლაძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, თემურ ნოზაძემ (-66 კგ) კი ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი – ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია.
თბილისის „გრანდ სლემის” მესამე დღეს -90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი და სოსო ებილაშვილი იასპარეზებენ, -100 კგ წონით კატეგორიაში კი მედლების მოპოვებას შეეცდებიან ილია სულამანიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე და ისლამ წინწალაშვილი. რაც შეეხება +100 კგ წონით კატეგორიას, აქ მედლებისთვის გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი და გაბო მუკბანიანი იასპარეზებენ. გოგონებს შორის მედლის მოპოვებას სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) შეეცდება.
