თბილისის აეროპორტის ტერმინალების და მიმდებარე ტერიტორიის განვითარებაში ₾5 მლნ-ის ინვესტიცია ჩაიდო – TAV Georgia

მგზავრთნაკადის მატების ფონზე ტავ ჯორჯია განაგრძობს ინვესტირებას თბილისის
საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურაში. ბოლო 1 წლის განმავლობაში
თბილისისა და ს აეროპორტების მმართველმა კომპანიამ თბილისის
ტერმინალებისა და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის
განვითარებაში 5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადო.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა გაფრენის ტერმინალის საპასპორტო
შემოწმების ზონაში. აღნიშნული სივრცე 61%-ით გაფართოვდა (710 მ 2 -მდე), საპასპორტო
გამშვები პუნქტების რაოდენობა კი ამავე ზონაში 18-იდან 26-მდე გაიზარდა, რაც 44%-იანი
მატებაა. ასევე, გაფრენის ტერმინალში Primeclass Lounge-ის ფართობის 84%-ით
გაზრდასთან ერთად აეროპორტის სერვისებს დაემატა სწრაფი გასასვლელი (Fast Track),
რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში სწრაფად გაიარონ
უსაფრთხოების და საზღვრის კონტროლი.
36%-ით გაფართოვდა (925 მ 2 -მდე) მოფრენის ტერმინალის საპასპორტო შემოწმების ზონა.
ამავე ზონაში საპასპორტო გამშვები პუნქტების რაოდენობა 18-დან 26-მდე გაიზარდა, რაც
44%-იანი მატებაა. ტერმინალის შიდა სივრცეში ინტეგრირდა შენობის უფუნქციო
ტერასებიც.
ასევე, მგზავრებისთვის კომფორტის შესაქმნელად და აეროპორტის ოპერაციული
პროცესების გასაუმჯობესებლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამონტაჟდა
სრულიად ახალი სამგზავრო და სატვირთო ლიფტები.
რაც შეეხება ტერმინალების მიმდებარე ტერიტორიას – სამგზავრო ტერმინალის წინ
განახლდა გზის ხელოვნური საფარი 7700 მ 2 ფართობზე. ასევე, მოეწყო ახალი საპარკინგე
სივრცეები. ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ 1100
ავტომობილზე გათვლილი პარკინგის ზონებია.
„ეს აეროპორტის ის ნაწილია, სადაც ყველაზე მეტი ხალხი ირევა და მით უმეტეს
მგზავრთნაკადის მატების ფონზე, აუცილებელია ინფრასტრუქტურა იყოს მუდმივად
წესრიგში იმისთვის, რომ უზრუნველყოფდეს როგორც მგზავრებისა და მათი თანმხლები
პირების კომფორტს, ასევე ოპერაციული პროცესების მოქნილობასაც. ბოლო 1 წლის
განმავლობაში, იყო ისეთი პერიოდები, როცა აეროპორტში განსაკუთრებული
ხალხმრავლობა იყო. მაგალითად, გავიხსენებ ძალიან სასიამოვნო პერიოდს – საქართველოს
ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე. დამეთანხმებით,
ეს ძალიან კარგი მოგონება იყო ყოველი ჩვენთაგანისთვის, მაგრამ წარმოიდგინეთ რა
მაღალი მოთხოვნა გააჩინა ამ მოვლენებმა აეროპორტის სერვისებზე – მათ შორის
საპარკინგე ადგილებზეც კი… ასეთი გაზრდილი მგზავრთნაკადი, ძალიან ბევრ გამოწვევას
აჩენს ოპერირების პროცესში და ამ გამოწვევებზე ჩვენ, ტავ ჯორჯიას გუნდი მუდმივად
ვადაპტირდებით. დღეს, საპარკინგე ადგილების რაოდენობაც კი გაცილებით მეტია, ვიდრე
ეს იყო შარშან ამ დროს, გაფრენის და მოფრენის ტერმინალების საპასპორტო შემოწმების
ზონებში კი გაცილებით დიდი რესურსი შევქმენით, როგორც მგზავრების უფრო სწრაფად
მომსახურებისთვის, ასევე დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ – აცხადებს
ალუდა ცაბაური, ტავ ჯორჯიას ტექნიკური მენეჯერის მოადგილე.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია ტავ ჯორჯია
საქართველოში უკვე 20 წელია ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ
საქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია დღეის მდგომარეობით 227 000
000 ამერიკულ დოლარს აჭარბებს.
ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ აქვეყნებს.