„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და მისი წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ პროკურატურას, სასწრაფოდ შეწყვიტოს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ყადაღა დაედო რამდენიმე ორგანიზაციისა, თუ ფონდის, მათ შორის „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშებს. ამავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაციები სარჩელით მიმართავენ სააპელაციო სასამართლოს, რითაც დაყადაღებული ანგარიშების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ.
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ და მისი წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ყადაღა ანგარიშებს უკანონოდ დაედო, რომლის ხანგრძლივობაც 12 თვეს მოიცავს. მათივე განმარტებით, ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს პირველი ინსტანციის განჩინების გასაუქმებლად 72 საათი აქვს. ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, როგორც პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება, ისე ყადაღის დადების შესახებ მიღებული განჩინება დაუსაბუთებელი და უკანონოა. მათი განმარტებით, ორგანიზაციები შემოწირულებიდან ფინანსურ დახმარებას უწევდნენ და ჯარიმებს იხდიდნენ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დააჯარიმეს. არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, მათ დახმარებისთვის მიმართავდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ჯარიმების გადასახდელად საკუთარი ფინანსური სახსრები არ გააჩნდათ. ორგანიზაციების თქმით, თითოეული ჯარიმის გადახდის ტრანზაქცია იყო გამჭვირვალე.
„ეს არის „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმის კიდევ ერთი მიზანმიმართული შეტევა უფლებადაცვით ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებზე, რაც აშკარად წარმოადგენს ქვეყანაში უფლებადაცვითი საქმიანობის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვის მცდელობას. უფლებადაცვითი ორგანიზაციის მხრიდან ჯარიმების გადახდას ჩვენ მივიჩნევთ სოლიდარობის გამოხატულებად. თანადგომა და ადამიანების სიღარიბისგან დაცვა არის ქართული კულტურის და ტრადიციის განუყოფელი ნაწილი.
მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გასაწევად და მათი ჯარიმების გადასახდელად თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა შემოწირულებების შეგროვება „რუსული კანონის“ ინიცირების შემდეგ დაიწყო.
ჯარიმის დასაფარად პირი თავად ავსებს შესაბამის განაცხადს, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ვებგვერდზე. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ბენეფიციართან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე იხდის ადმინისტრაციულ ჯარიმას მხოლოდ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განჩინების არსებობის შემთხვევაში. თანხა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საბანკო ანგარიშიდან პირდაპირ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ყველა სამართლებრივი მოთხოვნის დაცვით, მათ შორის, თითოეული ბენეფიციარის სახელზე ხდება საშემოსავლო გადასახადის გადახდა, სახელმწიფოს აქვს სრული წვდომა ორგანიზაციის ყველა ტრანზაქციასა და მიზნობრიობაზე.
საქართველოს კანონმდებლობით სხვა პირისთვის ჯარიმის გადახდა აკრძალული არ არის. შესაბამისად, უფლებადაცვითი ორგანიზაციის მხრიდან ეს ქმედება ბენეფიციარის მიმართ სოლიდარობის გამოხატულება და მისი უფლებების დაცვის საშუალებაა. ადამიანის უფლებათა სახლს ამჟამად დაფარული აქვს 843, 747 ათასი ლარის ოდენობის 365 ადმინისტრაციული ჯარიმა. 2024 წლის გაზაფხულიდან დღემდე მივიღეთ 921,336.99 ლარის შემოწირულება ასეულობით ფიზიკური პირისგან. მათ შორის ბოლო ორი თვის განმავლობაში მივიღეთ „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკების“ შემოწირულება – სულ 300, 000 ლარი. ამჟამად, განაცხადი ჯარიმების დაფარვის შესახებ გაკეთებული აქვს ასამდე პირს, რომლებსაც ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ემუქრებათ ქონების დაყადაღება.
ორგანიზაციის ანგარიშები, რომელიც საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დაყადაღდა, აერთიანებდა როგორც დაჯარიმებული პირებისთვის შემოწირულებებით შეგროვებულ თანხებს, ასევე ორგანიზაციის დაგეგმილი სხვა უფლებადაცვითი საქმიანობისთვის საერთაშორისო დონორების მიერ ჩარიცხულ გრანტებს. შესაბამისად, ორგანიზაციის სერვისებს ვეღარ მიიღებენ ჩვენი სხვა ბენეფიციარებიც.
მოვუწოდებთ პროკურატურას, სასწრაფოდ შეწყვიტოს გამოძიება და მოხსნას ყადაღა ორგანიზაციის ანგარიშებიდან, რათა შევძლოთ უფლებადაცვითი საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება. მოვუწოდებთ, სააპელაციო სასამართლოს, განიხილოს და გააუქმოს საქალაქო სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება“, – აცხადებენ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა“ და მასში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრი ორგანიზაციები არიან:
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „მედიის ინსტიტუტი“; „საფარი“; „უფლებები საქართველო“; „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT).
