ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის ინფორმაციით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი სავაჭრო ეკონომიკურ კავშირებს ზრდის და ინვესტორების მოზიდვას ხელს უწყობს.
როგორც გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ინკლუზიური გარემო, სხვადასხვა შესაძლებლობებს შექმნის.
“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი დამკვიდრებულია, როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა, როგორც სხვადასხვა, ქვეყნის მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობისთვის.
ფორუმზე 2 000-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბება, ველოდებით, როგორც სახელმწიფოს მეთაურებს, ასევე აღმასრულებელ ხელმძღვანელებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და რა თქმა უნდა, მაღალი დონის ექსპერტებს. ინკლუზიური გარემო, როგორც პოლიტიკოსებს, ასევე ბიზნესის ლიდერებს ხელს შეუწყობს, კერძოდ, საჯარო, ახალი ალიანსების შესაძლებლობებს შექმნის. ფორუმი სექტორებს შორის თანამშრომლობისთვის შეუდარებელ გარემოს ქმნის, ესაა: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, თუ ციფრული ეკონომიკის მიმართულება”, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
ცნობისთვის, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა. ყველა ლოკაცია მზადაა წარმომადგენლობითი ღონისძიების ჩასატარებლად. 22 – 23 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლებს.
ფორუმი 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნება. გახსნითი პანელი – მაღალი დონის დიალოგი რეგიონის ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელების – საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის მონაწილეობით გაიმართება.
წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები. ფორუმს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია, ამავე დღეს ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
2025 წელს ღონისძიების სლოგანი იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability.
წყარო: ბიზნესპარტნიორი
