თაღლითობის ბრალდებით კახეთის ერთ-ერთ სოფელში მერის ყოფილი რწმუნებული დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში მერის ყოფილი წარმომადგენელი თორნიკე ციცვიძე თავის სახლში დააკავა. გამოძიება მას თაღლითობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას ედავება.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სავარაუდო დაზარალებულების საჩივრის საფუძველზე 2022 წლის თებერვალში დაიწყო.
„გამოძიებით დადგენილია, რომ თორნიკე ციცვიძის მიერ გაცემული ყალბი ცნობების საფუძველზე, მოქალაქეები თაღლითურად დაეუფლნენ 1 746 934 ლარის ღირებულების სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებულ, ჯამში 37 864 მ2 მიწის ნაკვეთს. გარდა ამისა, ციცვიძე პირთა ჯგუფთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ, თაღლითურად დაეუფლა 105 199 ლარის ღირებულების 1928 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს ამ დროისთვის ადევს ყადაღა”, – წერია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმე ეხება სოფელ ნინიგორში, ტურისტულ ზონაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისებას. სავარაუდო დაზარალებულებს დღეს მედიასთან საუბარი არ სურთ.
2022 წლის მაისში ერთ-ერთმა დაზარალებულმა, მანანა ბერიკაშვილმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი მერის წარმომადგენელმა სხვა პირებზე ისე გაასხვისა, რომ ის საქმის კურსშიც კი არ ჩაუყენებია.
„რადგან ჩემი მიმდებარე ტერიტორია იყო, მივმართე მერის წარმომადგენელს, რომ მიწა მოეყიდათ. მიმდებარე მიწაზე კანონით მე მაქვს უპირატესობა, შევიძინო… მე უარი მითხრეს მოყიდვაზე და რამდენიმე დღეში მიწა სხვა პირებზე გაასხვისეს. ამის შემდეგ მივმართე გამოძიების დაწყების თხოვნით პროკურატურას“, – ამბობდა 2022 წელს მანანა ბერიკაშვილი.
გამოძიების დაწყებიდან მალევე თანამდებობა დატოვა სოფელ ნინიგორში მერის წარმომადგენელმა თორნიკე ციცვიძემ. მაშინ ის ბრალდებას უარყოფდა და ამბობდა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობდა.
რადიო თავისუფლება დაკავებულის ადვოკატს ეკა ბერინაშვილს დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, თორნიკე ციცვიძე თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს.
„კონკრეტულად რაში ცნობს თავს დამნაშავედ, ამას ვერ გეტყვით, რადგან ამ ინფორმაციის გამჟღავნება მასთან არ მაქვს შეთანხმებული“, – ამბობს ადვოკატი.
წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ციცვიძეს 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თორნიკე ციცვიძეს ამჟამად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.
საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. წინასასამართლო სხდომა 29 აპრილს გაიმართება.