სამოქალაქო ორგანიზაციები ეხმაურებიან ფონდების წინააღმდეგ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ გამოძიებასა და დღეს, 29 აპრილს, ჩატარებულ ჩხრეკებს. მათი შეფასებით სამართალდამცველ სტრუქტურების მიზანი დამოუკიდებელი სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაა.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ოფისში, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ გააგრძელებენ საქმიანობას – იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
“აღნიშნული ქმედებების სამიზნეს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ჰუმანიტარული საქმიანობის წინა ხაზზე დგანან და ეხმარებიან ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, დაბალშემოსავლიან ოჯახებსა და ძალადობის მსხვერპლებს. ეს ორგანიზაციები არსებით როლს ასრულებენ იმ სფეროებში, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერა არასაკმარისია და უზრუნველყოფენ საკვებს, თავშესაფარს, სამედიცინო დახმარებას, განათლებასა და ფსიქოსოციალურ სერვისებს მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენება ამგვარი ფონდების საქმიანობის ხელშესაშლელად არა მხოლოდ მორალურად გაუმართლებელია, არამედ მიმართულია თანაგრძნობის გამოხატვის კრიმინალიზაციისა და იმ ადამიანების გაჩუმებისკენ, ვინც ღირსებისა და სამართლიანობისთვის იბრძვის. ჩხრეკები, რომლებიც არასათანადო სამართლებრივი საფუძვლისა და გამჭვირვალობის გარეშე ჩატარდა, პოლიტიკურად მოტივირებულია და წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ფართო კამპანიის ნაწილს. ეს თავდასხმა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ზოგადი ტენდენციის ნაწილია, რომელიც მოიცავს ე.წ. რუსული კანონისა და „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის მიღებას, მედიის შევიწროებას და დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოებზე მუდმივ ზეწოლას და საფრთხეს უქმნის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და მის საერთაშორისო რეპუტაციას. მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია აღნიშნულ ქმედებებზე და ამ კრიტიკულ მომენტში ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების გვერდით დადგნენ. ჩვენ ვერ დაგვაშინებენ. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ მათ დახმარებას, ვისაც ეს სჭირდება. ჩვენ დავიცავთ საქართველოს დემოკრატიულ მომავალს”, – აცხადებენ უფლებადამცველები.
დღეს დილიდან პროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარა ექვს სხვადასხვა მისამართზე, სადაც ფონდების წარმომადგენლები და აქტივისტები ცხოვრობენ. აქამდე არსებული პრაქტიკით, პოლიციელები მოქალაქეთა საცხოვრებელ სახლებში გამთენიისას მივიდნენ და შესვლა მოტყუებით სცადეს. პოლიციელები მათ ატყუებდნენ, რომ არ ჰქონდათ გადაღების უფლება და წაართვეს მობილური ტელეფონები. გარდა ამისა, ისინი არ დაელოდნენ ადვოკატების მისვლას და ჩხრეკა მათ გარეშე დაიწყეს.
პროკურატურის ინფორმაციით, “საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში” ჩხრეკა ჩატარდა ხუთი ფონდის წარმომადგენლის საცხოვრებელ სახლში:
· “ნანუკას ფონდი” – ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის სახლებში;
· “ფროსფერითი 24/7” – ლაშა არველაძის სახლში;
· “ფონდი ერთმანეთისთვის” – გუგა ხელაიას სახლში;
· “სირცხვილია” – მარიამ ბაჯელიძის სახლში;
· “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” – ალეკო ცქიტიშვილის სახლში.
ამავე თემაზე:
· რას ჰყვებიან ადამიანები, რომელთა სახლებშიც ჩხრეკა ჩატარდა
