ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ჯარისკაცებს და პოლიციელებს ხომ წამლავდნენ – ძალით, კი, – ანუ, ტენდერით მოიგო პირმა, რომელიც აწვდიდა მომწამვლელ, გაფუჭებულ პროდუქტს და არ აკონტროლებდა აქამდე არავინ, ტონობით მიაწოდა უკვე.
მაგრააამ…
უწყება ამბობს, ისეთი გაფუჭებული იყო ეს საჭმელი, ისეთი გაფუჭებული, ექსპერტებმა ვერც გამოიკვლიეს, კაცოო, რომ არ დაწამლულიყვნენ და დახოცილიყვნენო.
რატო უნდა დახოცილიყვნენ? – შუა საუკუნეების მეფის კარია და უნდა ეჭამათ და ისე გაესინჯათ? და თუ გადარჩებოდა, კარგია და თუ მოკვდებოდა – ცუდი?
რას ქვია პროდუქტი ვერ გამოიკვლიეთ, გაფუჭებული კი არა, თუნდაც აყროლებული?
არც სპეციალური ფორმა გაქვთ, არც სპეციალური ნიღბები და სათვალეები ქუდებითურთ?
ანუ, ხვალ რომ მთლად შხამი იყოს გამოსაკვლევი, ან ქიმიური საწამლავი? – იმას რას გაეკარებით, თევზი ვერ გამოიკვლიეთ.
და ცხედარი რომ იყოს თვეების გახრწნილი? – ის ხომ საერთოდ, რაზეა საუბარი, ვერც აკადრებთ ექსპერტს, ხომ?
თევზის უმცირესი ნაწილაკი ვერ გამოიკვლიეთ.
სამხარაულიდან სამხილები რომ გაქონდათ და ყიდდნენ, გავიგეთ და მთლიანად გაძარცვეთ? აღარც აპარატურა დატოვეთ, აღარც სპეციალური ფორმები?
სამხარაულის ექსპერტიზა გაანიავეთ და დედა უტირეთ?
ჯარისკაცებს და პოლიციელებს წამლავთ, ბავშვებს ბაღის ფულს პარავთ, სკოლები დაანგრიეთ და არ შენდება, სამხარაული გაგინიავებიათ, უნივერსიტეტებს აუქმებთ, პარლამენტის შენობას ყიდით და რაც გამომრჩა, ყველაფერში ხელი გაქვთ ჩაყოფილი…
ვერ გამოიკვლიე, არ გამოიკვლიე, ასეთი ბრიყვი, შტერი, ჩლუნგი რა გაჩნდი, რომ გამოდიხარ და ამას ამბობს?
ბიჭოს, ბიჭოს,, ბიჭოოოოოს
ცნობისათვის,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს „ბატონოს“ ხელმძღვანელი დააკავეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გუგა თავბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“. როგორც საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის საწარმოს ჩხრეკისას, ამოღებულია 17 241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი. ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისთვის. რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
გარდა ამისა, დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი, თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით, არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი პროდუქციის გამოვლენისა და ამოღების მიზნით”,-განაცხადა გუგა თავბერიძემ.