თამო კეშელავა: სიჩუმეს სად აქვს რეპუტაცია? არაფერს სად აქვს რეპუტაცია?

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ერთმა ლექტორმა ერთხელ “გაიჭირვა” და ძლივს ღიად დაწერა რეპრესირებულ სტუდენტზე, უსამართლოდ დაჩაგრულ სტუდენტზე და…
გააქრო მერე პოსტი.
ამდენია ნაცემი, ამდენია დაკავებული, გოგოები დაიჭირეს არაერთხელ, გოგოები ცემეს არაერთხელ და ერთი პოსტი დაწერა და დამალა….
ვიღაც ტროლმა მე ბო@ი დამიწერა კომენტარში, ერთი ცალი ბო@ი დამიწერა და მე შემერყა მორალი და რეპუტაციაო.
რეპუტაციაო, ხალხო!
ჯერ, რომც გქონდეს რეპუტაცია, განა შენი სტუდენტების სიცოცხლეს, განა შენი ქვეყნის მომავალს შენი რეპუტაცია გირჩევნია?
და მთავარი – როგორ შეიძლება, ლექტორს, ვის სტუდენტებსაც ცემენ, იჭერენ უკანონოდ, ცილს სწამებენ, ართმევენ მომავალს და დაცვას კი არა, გვერდით დგომას კი არა, სიტყვის თქმას ვერ ბედავდე, გქონდეს რეპუტაცია?
რანაირად შეიძლება?
და რაც არ გაქვს, როგორ შეგერყევა?
ღმერთმა არ ქნას და ეს ომი თუ წავაგეთ, სად გაქვს, მაგრამ რად გინდა რეპუტაცია?
მონის რეპუტაციაც არსებობს?
სულ რომ სამსახურიდან გავეშვი, სულ რომ დავეჭირე, როცა ჩემს სტუდენტებს თავი აქვთ გადადებული, უკვე დადებულ პოსტს როგორ გავაქრობდი, მართლა თუ მორალზე და რეპუტაციაზე რამე მსმენია.
ილიას რომ ეთქვა, მე გრიგოლ ორბელიანმა, ან ვიღაც თავადმა რეპუტაცია შემილახა და მოდი, გავჩუმდებიო.
ვაჟას დახეულ ჩოხაზე დასცინეს და ადამიანი ცალკე, მერე მსოფლიოა.
აკაკი? აკაკი იქეთ შეგირყევდა მორალს და რეპუტაციას ვინც დაიმსახურებდა.
და ივანე ჯავახიშვილი? – არ იდგა სტუდენტების წინ?
გვერდით, უკან, სადმე სახლიდან კი არა, წინ არ იდგა? და მას ამის გამო პრობლემები არ შეხვდა?
ერთსიტყვიანი ტროლი კი არა, რეალური პრობლემები არ შეხვდა?
არ მოუწოდებდა სტუდენტებს პირიქით და არ ზრდიდა მათ მებრძოლ სულს?
და მის რეპუტაციას მოემატა ამ ბრძოლით, თუ დააკლდა?
რეპუტაციაო, კაცოუ…
ხელფასი გამიჩერესო, ეთქვა, მხსნიდნენო, შემეშინდაო, ეთქვა, შემეცოდებოდა, – რეპუტაციაო…
სიჩუმეს სად აქვს რეპუტაცია?
არაფერს სად აქვს რეპუტაცია?
და ამ ლექტორმა, რომელიც თავისთვის ჩუმად იდო, არაფერი და არავინ იყო, არაფერისნაირი რეპუტაციით, უცებ, ამ ერთხელ, ჯანდაბა, ერთადერთხელ ამოხეთქილის უკან წაღებით, ნაღდად დადო რეპუტაცია, კი.
იმ კაცსაც უნდოდა რეპუტაცია, ტაძარი რომ გადაწვა, ჩემს სახელს ისტორია შეინახავსო.
პუტინსაც აქვს ეგრე რეპუტაცია, მატყუარას, მშიშარას, უღმერთოს, მკვლელის რეპუტაცია.
აქვე, ყველა ლექტორს, ყველა პედაგოგს, როცა ხედავთ, იცით, თქვენს ქვეყანაში ახალგაზრდები იბრძვიან, ახალგაზრდებს ცემენ, იჭერენ, ცილს სწამებენ, დევნიან, დასდევენ, როცა ხედავთ უსამართლობას, ქვეყნის წართმევის ოპერაციას, მომავლის დასამარების მცდელობას და ჩუმდებით, თქვენს რეპუტაციას სილაჩრის, ღალატის, მონობის სუნი ასდის.
არ გაბედოთ რუსთაველის, ილიას, ვაჟას, ივანე ჯავახიშვილის, ს, აკაკის და სხვების და სხვების ხსენება, თქვენი რეპუტაცია მათი ხსენების უფლებას აღარ გაძლევთ.
თქვენი რეპუტაცია გაირყვნა, ჯერ კიდევ მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს და როგორც ჩანს, არ უნდა ამოსვლა ამ გარყვნილებიდან.
სიჩუმეზე დიდი გარყვნილება არ არსებობს, ღმერთმანი!
სულ ცოტა ხნის წინ, იყო დრო, როცა პურში თავჩარგულებს და გაჩუმებულებს უბრალოდ არ გქონდათ რეპუტაცია, საერთოდ არ გქონდათ, ხო, იყო ეგ ფუფუნება, შეგეძლოთ გაჩუმებულიყავით და მორჩა, თქვენ მხოლოდ და მხოლოდ – არ გქონდათ რეპუტაცია.
ახლა ასე აღარ გამოვა, ახლა სიჩუმე მხარეა.
შენ სიჩუმით მხარეს ირჩევ.
და შენ დგახარ არასწორ მხარეს.
და შენი რეპუტაცია ყარს!
და ბარემ დაგასპოილერებ – ერთ–ერთი პირველი იქნები, ვისაც ხელფასებს ჯერ დაუგვიანებენ, თუ ასე გაგრძელდა და მერე სულაც აღარ მისცემენ, რადგან შენ ხარ ჩუმი, უბრძოლველად ჩაბარებული, ბრძოლამდე ჩაბარებული ხარ შენ, ბუჩქი ხარ შენ, სხვის ბაღში გადასარგავად გამზადებული და მაინც, უთავმოყვარეოდ აყვავილებული, ხაზარულაც კი არ ხარ შენ, რომ ზღვარზე მაინც მოისხა, ერთხელ, ბოლო 100 წელიწადში, ერთხელ მაინც მოისხა და წაადგე იმ თაობას, რომლის გაზრდაც გევალებოდა, რომელიც სულივით მოგაბარეთ საშოვარზე გასულებმა…
და მადლობა ღმერთს, მადლობა მიწას, ჩვენი წინაპრების ოფლით, სისხლით გაპოხილ მიწას, რომ ჩვენმა შვილებმა თქვენგან სიჩუმე არ ისწავლეს, ბრძოლამდე ჩაბარება არ ისწავლეს, სიმხდალე არ ისწავლეს, ღალატი არ ისწავლეს, ადამიანების ტანსაცმლით, ცხვირის და თმის ზომით განხილვა არ ისწავლეს, ადამიანების მრწამსის მიხედით დაფასება არ ისწავლეს და მადლობა ყველა ნაკადულს და რუს, რომ მთიდან ბარში და ბარიდან მთაში არ ვიცი როგორ, მაგრამ აქონდა და არ ვიცი, ამ კომპთან დამჯდარ თაობასთან როგორ, მაგრამ მუდმივად მიქონდა ადამიანების, ოჯახის, სამშობლოს სიყვარული.
და ესენი ადამიანს და ადამიანის სიცოცხლეს არასოდეს არაფერზე გაცვლიან.
და დღეს, 2025 წელს, თუ რამე რეპუტაცია დარჩა ამ ქვეყანაში, სულ მათია, მათი ნაბიჯებით მოტანილი, მათი მხრებით გატანილი, მათ გონებაში ნაშენები, მათი გულებით გამოკვებილი, – ამ ქვეყნის რეპუტაციის ყველა მისხალი დღეს მათია და წყეულიმც ვიყო, თუ წამითაც კი სხვაგვარად ვფიქრობდე!