თამო კეშელავა: მართლა არ გაქვთ, ხალხო, გააზრებული, რა გააკეთეს ჩვენმა შვილებმა, სასწაული რამე გააკეთეს

“ამას წინათ, ერთმა მეგობარმა გულწრფელად მკითხა, ჩვენ ამდენი გვიბრძოლ–გვიშრომია და ჯენზიმ ჯერ რა გააკეთა, რა შექმნა, რომ ასე იცავო და მართლა არ გაქვთ, ხალხო, გააზრებული, რა გააკეთეს ჩვენმა შვილებმა, სასწაული რამე გააკეთეს – გადარჩნენ, ხალხო, საკუთარი თავები გაზარდეს, უმეტესად მარტოებმა და გადარჩნენ, თავი გადაირჩინეს და ამით ჩვენც გადაგვარჩინეს, მშობლები.
ამაზე მეტი რა უნდა გაეკეთებიათ?
მე ჩემ შვილს უმეტესად დაძინებულს ვნახულობდი, დილით რომ მიდიოდა მე მეძინა, მე რომ მივდიოდი საღამოს მას ეძინა, მარტო იყო ხოლმე სახლში, მარტო იცხელებდა იმ თავისი პაწუა თითებით საჭმელს, ხან იკეთებდა კიდეც, ხან მეც მიმზადებდა ვახშამს და მიტოვებდა.
მარტო დადიოდა სკოლაში და წრეზე, მარტო მეცადინეობდა, მარტო ერთობოდა, მარტო კითხულობდა, მარტო უყურებდა კინოს, არავინ მისი გამკონტროლებელი არ იყო, საკუთარი თავის გარდა.
ერთხელ, პატარა იყო მაშინ, სამზარეულოს ხელსახოცი წაექცა, დაეცა გაზის ანთებულ ქურას, მოეკიდა ცეცხლი, ცეცხლი მოედო ფარდასაც და პირველი რაც გავაკეთე შიშით, გარეთ გამოვვარდი და რა წამსაც გარეთ გამოვვარდი, მივხვდი, რომ სახლში არვინაა ჩემ გარდა და სად გამოვვარდი, შევბრუნდი და ჩავაქრეო.
–არ ეშინოდა?
–ეშინოდა.
–არ შიოდა და ციოდა ხოლმე?
–კი, ორივე.
ხშირად ავადმყოფობდა პატარაობისას და ექიმისგან სანამ წვრილად არ გაიგებდა, წამლები როდის რა უნდა დაელია და რის მერე, ისე სახლში არ მოდიოდა, რადგან იცოდა, ჯანდაბა, იცოდა, რომ მე დილით სამსახურში წავიდოდი და მას უნდა მიეხედა თავისთვის.
პატარაობიდანვე იცოდა საიდან უნდა გადაეკეტა წყალი, საიდან უნდა გამოერთო ბინაში ელექტროენერგია ან გაზი, რადგან, რომ დასჭირვებოდა, მას უნდა გაეკეთებია, მიუხედავად იმისა, უჭირდა, თუ არა, ეშინოდა, თუ არა.
და გადარჩა.
იბრძოლა, ჯიუტად იბრძოლა!
და გაზარდა თავისი თავი.
ამაზე დიდს ვერასოდეს ვერაფერს გამიკეთებდა.
7 წლის იქნებოდა, მივეცი 20 ლარი და ვთხოვე წასულიყო დიდ მაღაზიაში, მანამდე მხოლოდ უბნის მაღაზიაში იყო ნამყოფი და ეყიდა რამე, რასაც შეჭამდა იმ დღეს და დილით საუზმედ. და მითხრა, მაინც რაო და ვუთხარი, რომ მას უნდა აერჩია და ვის უნდა ვკითხო ფასებიო და კონსულტანტს–თქო, მივხვდი, რომ ეშინოდა იმ დიდი მაღაზიის, ან ერიდებოდა, მაგრამ არ მქონდა სხვა გზა, იმ დღეს თუ არ გავუშვებდი, ხვალ მაინც უნდა წასულიყო მარტო და სამწუხაროდ, არც ის შემეძლო, რომ ყოველთვის მე დამეგეგმა მისი კვება. ესეც უნდა ესწავლა.
იყიდა. მოიტანა.
იმ დღის ომიც მარტომ, პატარა ნაბიჯებით მოიგო.
და 8 წლამდე, ყველა მოსალოც ბარათში მიწერდა – მიყვარხარ, არასოდეს მიგატოვებ. გვიან მივხვი, ამას იმიტომ წერდა, რომ უნდოდა ჩემგანაც იგივე მოესმინა, უნდოდა ცოდნოდა, რომ ერთ დღესაც, როცა მარტო დაიძინებს და მერე გაიღვიძებს, იქ ვიქნები, სახლში, სადაც ყველა ღამე დავბრუნები…
მაშინ მეგონა, ეს ისედაც ცხადი იყო და არ სჭირდებოდა ამისი თქმა…
მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ მისი და ჩემი ბავშვობა ასე არ ჰგავდა ერთმანეთს, მიუხედავად საერთო გაჭირვებისა…
ერთხელ, არ მახსოვს რამდენიმე წლის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვმა თავი მოიკლა, სკოლაში თქვეს, რომ ძალიან უჭირდა, რომ სკოლის ბუფეტში რამდენიმე ბულკის ვალი ჰქონდა.
ვიტირე, ის ბავშვი ვიტირე და მისი მშობელი.
იმ ბავშვის უცხოვრებელი ცხოვრება ვიტირე.
მერე შემეშინდა.
ახლაც მრცხვენია ამ შიშის.
ისე შემეშინდა, ისე შემეშინდა, წავედი და ჩემ შვილს ბოლო ფულით შაურმა ვუყიდე.
გაეხარდა, ჩამკოცნა, ის იშვიათი დღე იყო, როცა გაღვიძებულს მივუსწარი.
ისეთი ბედნიერი სახით ჭამდა.
მერე შემრცხვა. იმ ბავშვის და მისი მშობლის.
იმ ბავშვის უცხოვრებელი ცხოვრების შემრცხვა…
მერე ისევ შემეშინდა, ამჯერად, იმის, რაც გავაკეთე.
შიშმა ისე დამიბნელა გონება, რომ კუჭის ამოსავსები მოვუტანე.
თითქოს, ეს იყოს საქმე…
ამაზე სამარცხვინო თუ რამე გამიკეთებია, ახლაც არ მგონია.
ესაა სიმართლე, მათ იბრძოლეს მთელი ეს წლები, გადარჩენისთვის, გაზრდისთვის იბრძოლეს.
დღესაც იბრძვიან.
მაღაზიებში რომ შედიხართ და 17–18 წლის ახალგაზრდები მუშაობენ, კი არ მუშაობენ, ეგ რა ხელფასია, იბრძვიან, გადარჩენისთვის იბრძვიან.
მეტროში, თუ ავტობუსში, თუ დააკვირდებით, ზოგჯერ როგორი გაცრეცილი, დალეულძირიანი ფეხსაცმელებით დადიან, მიხვდებით, რად უჯდებათ მათაც ყოველი დღის ბრძოლა.
და სწავლობენ.
და არიან ფერადები, ნათელი მომავლის იმედით და თუ ვიცოდე, საიდან აქვთ ამხელა და ამდენი ძალა.
მე ხომ არ ვარ ერთი ასეთი ამ ქვეყანაში.
რამდენის შვილი გაიზარდა, ხალხო, ასე?
რამდენის შვილი სულაც ვიდეოქოლებით გაიზარდა უცხოეთიდან?
ჩვენ დავუშვით, რომ უმეტესობას გვემუშავა პურის ფულად, გვემუშავა ისე, რომ მაინც ის გვქონოდა სულ ფიქრად, როგორ და რით გვეყიდა საკვები.
ჩვენ, უმრავლესობამ, დავუშვით, რომ გვემუშავა ამდენი და მაინც არ გვქონოდა შვილებთან ერთად დასვენების, შვილებთან ერთად ყოფნის დრო, არც საშუალება.
ჩვენ დავუშვით, მივეცით უფლება, გამოგვატოვებინონ ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენი შვილების გაზრდა.
და მათ იბრძოლეს, ყველაზე მეტი მათ იბრძოლეს.
რომ გაზრდილიყვნენ.
გადარჩენილიყვნენ.
ყოველ დღე რამხელა იყო მათთვის ის პატარა პრობლემები, რომელთა გადალახვაც მარტოებს უწევდათ, თუ წარმოგიდგენიათ?
მაინც გადარჩნენ და სადაც ეს მოახერხეს, ყველაფერს შეძლებენ, მჯერა.
მე მათ ხშირად ვეძახი, თავისით გაზრდილ ბავშვებს, რაღა ბავშვებს უკვე და ისე ვამაყობ მათით, ისე ვამაყობ და ისე მეიმედებიან და ისეთი დამნაშავე მგონია თავი მათთან და ისეთი დიდი სიყვარული მაქვს მათი, უპირობოდ ექნებათ ყოველთვის ჩემი მხარდაჭერა!
მათ არ სჭირდებათ ჩემთვის რამის დამტკიცება – მათ უკვე გააკეთეს ყველაზე მთავარი, გადარჩნენ და ამით ჩვენც გადაგვარჩინეს, თუ ფიზიკურად, თუ სულიერად.
და ყოველთვის ვიქნები ამის გამო მათი მადლიერი.
ახლა მხარდამხარ ვართ და არაფერი ამაზე კარგი, არაფერი ამაზე სასიამოვნო არ მომხდარა ჯერ ჩემ ცხოვრებაში.
მიყვარხართ!
თქვენ ხართ საქართველო, რომელშიც ცხოვრება და სიკვდილი მინდა!
და ვინ მიგდია ჯაბა სამუშია, საერთოდ, ვინმე ვინ მიგდია, რომ მათთვის, ამ თავისით, ბრძოლით, ჯიუტი ბრძოლით გაზრდილი ბავშვებისთვის ჩემი ქვეყნის, ჩემი წინაპრების აშენებული უნივერსიტეტების კარებები დაკეტოს და ფანჯრები ამოქოლოს!!!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.