თამო კეშელავა: ეს არ იყო უბედური შემთხვევა, ისინი ყოველ დღე ბეწვის ხიდზე გადიოდნენ და ერთხელაც ჩავარდნენ

“21–ე საუკუნეში სახლი რომ უსაფრთხო უნდა იყოს საცხოვრებლად, ეს ვიცი უეჭველად.
კიდევ ის, რომ საწვავით თუ რთავ გათბობას, სპეციალური ტექნიკაა საჭირო. და რომ სახლების უსაფრთხოებას ვინმე უნდა ამოწმებდეს.
კიდევ ის, რომ სახანძრო უნდა იყოს გამართული ყველა რაიონში და დროულად უნდა მივიდეს.
კიდევ ის, რომ ყველა რაიონში უნდა იყოს რეანიმობილი და არაა.
ის სახლი არ იყო ბავშვებისთვის, ადამიანებისთვის უსაფრთხო.
ეს არ იყო უბედური შემთხვევა, ისინი ყოველ დღე ბეწვის ხიდზე გადიოდნენ და ერთხელაც ჩავარდნენ.
ასე გადის ყოველ დღე უამრავი ოჯახი ბეწვის ხიდზე.
დღეს ჩინოვნიკები იტყვიან რომ სწუხან და კი, როგორ შეიძლება არ სწუხდე.
მაგრამ გუშინ 200 ათასი ლარი არ გაიღეს სამეგრელოში მშიერი ბავშვების გამოსაკვებად და ხვალ, ისევ იტყვიან, რომ ბიუჯეტში ფული არაა.
რამდენ სახლს გახდიდა უსაფრთხოს ის სახელფასო ნამატი, პარლამენტარების? – თვეში 20 სახლს ხომ მაინც? ანუ, წელიწადში 240 სახლს?
და ტენდერებს რომ აცხადებენ, მაგალითად, დამლაგებელზე, მოიგებს ვიღაც კომპანია, გაუგზავნის დამლაგებელს, დამლაგებელს ისევ ის 500 ლარი აქვს და ტენდერის მომგები ვიღაც, მხოლოდ იმაში რომ დამლაგებელი გაუგზავნა, ათასობით ლარს იღებს ბიუჯეტიდან.
და ასეა ყველაფერზე…
ფრეონის ჩასხმაზეც კი…
და ქვეყანაში ათასობით ოჯახი გადის ბეწვის ხიდზე.
ათასობით სახლი არაა უსაფრთხო საცხოვრებლად.
არც ჩემი სახლია უსაფრთხო საცხოვრებლად, აქ, თბილისში, არც მე ვიცი ხვალ დილით გავიღვიძებ, თუ ვერა.
ზოგნი იტყვიან, რომ ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა.
თუ ადამიანებმა უნდა მიხედონ თავს, ოჯახს, ქვეყანას – მაშინ, რაში ვუხდი მთავრობას?
პასუხისმგებლობა ერთია და ფული მეორე.
იმ ოჯახს საშუალება რომ ჰქონოდა სახლი კეთილმოეწყო, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობასაც დააყენებდა, ალბათ, და თუ არ დააყენებნდა, ვინმეს ერთხელ რომ შეემოწმებინა, რამდენად უსაფრთხოდ თბებოდნენ…
და რომ შეამოწმონ, რა?
გათბობას ვერ აუკრძალავენ, გაიყინებიან.
და კეთილმოწყობა, არ უნდათ.
რა კეთილ და ბოროტ, უსაფრთხოდ მოწყობა არ უნდათ.
ეს ღატაკი ხალხი თავისით რომ ვერ მოაწყობს სახლებს უსაფრთხოდ, იციან და ვის შეუმოწმონ და სად წაიღონ მერე ეს შემოწმების ოქმები?
და ღმერთს რომ მიადგებით ხოლმე, გაიხედ–გამოიხედეთ, რა სახლებში ვცხოვრობთ, როგორ გარემოში ვცხოვრობთ და გაგიკვირდებათ, ღმერთმანი, მართლა ასეთი ფრთხილები ვართ ჩვენ, თუ მართლა ასე გვიფარავს ღმერთი?
და ღმერთს რომ მიადგებით, ღმერთმანი და ბავშვების დახოცვაში ადანაშაულებთ, წამოდით, გადავიდეთ გამოქვაბულებში მაშინ, იქ დაგვტოვა მაგან ჩვენ, თუ ეს კორპუსები ღმერთმა ააშენა, ან იქნებ, ის სახლები, უკვე დაძველებული, ღმერთს უნდა გაეხადა საცხოვრებლად უსაფრთხოდ?
იფიქრეთ ამაზე, ღმერთმანი, იფიქრეთ, გთხოვთ.
ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება.
სიცოცხლის უფლების წართმევა, მხოლოდ პირდაპირი მკვლელობა როდია.
ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ჭერი და ეს ჭერი იყოს მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.