თამო კეშელავა: ანდრო ჭიჭინაძე 29 წლის გამხდარა დღეს. 29 წლის და 92 წლის გამოცდილებით, ისეთი იყო მისი ბოლო თვეები. რამ უნდა შეაშინოს, რამ უნდა შეაჩეროს, რა უნდა გაუჭირდეს ამის გადალახვის მერე?

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ანდრო ჭიჭინაძე 29 წლის გამხდარა დღეს. 29 წლის და 92 წლის გამოცდილებით, ისეთი იყო მისი ბოლო თვეები. რამ უნდა შეაშინოს, რამ უნდა შეაჩეროს, რა უნდა გაუჭირდეს ამის გადალახვის მერე?
ანდროს ერთი პოსტი გამორჩეულად მახსოვს, ის, ძალა რომელმაც მომცა და იმედი, ის დიდი პოსტი, ერთსიტყვიანი – გავიფიცე!
და მართლა ბოლომდე გაიფიცა.
თავიდან ყველამ ანდრო იცოდა და ცოტამ – დანარჩენი ბიჭები, არასოდეს უცდია თავისი ცნობადობის გამოყენება და თუ უცდია, იმისთვის, რომ ეთქვა, მასზე არ კონცენტრირდნენ მხოლოდ.
რანაირად გახდა 28 წლის, მსახიობი ბიჭი ქვეყნის ჯარისკაცი, ქვეყნის მცველი, როდის გახდა და რა არის, რაშია მისი სიმამაცე?
თავიდან მეგონა, რომ გონიერებაშია. ყველა მის სიტყვას და წერილს, ხომ ეტყობა, როგორი გონიერი და ნიჭიერია. არასოდეს რომ არ ახსენებს ამ თავის ნიჭს თან, როდესმე გაგიგიათ ეთქვას, მე, ანდრო ჭიჭინაძე, ევროპის კინოაკადემიის წევრი…?
მართლა გაიფიცა!
ალბათ, მისი სიმამაცე სიმშვიდეშია – როგორი მშვიდია უსასტიკესი სიტყვების მოსმენისას, პასუხის გაცემისას. როგორი მშვიდი შეუვალობით ხვდება უსამართლობას.
და მართლა გაიფიცა!
იქნებ, მისი სიმამაცე მიტევებაშია, არასოდეს არავის რომ არ წამოაძახა ჯერ, – შენ აღარ ხარ გაფიცული?
განა არ იცის, რომ ყველას ვერ დაიჭერდნენ? – იცის და ამიტომ ზის, იმ ადგილას ზის ყველა რომ ვერ დაეტეოდა და იმ ადგილას ზის, სადაც ვიღაც უნდა ჰყავდეს რეჟიმს, იმიტომ რომ ყველა არ გაიფიცა, ნაწილის დაკავება კი შეეძლო კიდეც და უნდოდა კიდეც.
ანდრო გაიფიცა!
იქნებ, მისი ძალა სიცილსა და სიკეთეშია? სიცილით თერაპიის დამფუძნებელი რომაა საქართველოში, იცოდი? კლინიკებში, მძიმე და უიმედო პაციენტების გასამხიარულებლად ადამიანების გადამზადება ჰქონდა დაწყებული.
და მაინც გაიფიცა!
და მერე მივხვდი, რომ საერთოდაც არაა მამაცი, სულაც არაა მამაცი, მამაცი რომ იყოს, რამის შეეშინდებოდა, აბა, ვისაც არაფრის ეშინია, იმის სიმამაცე როგორ უნდა განისაზღვროს და რით?
ის, უკვე 29 წლის, მცველია ქვეყნის და ყველა მისი ნაბიჯი და სიტყვა მეუბნება, რომ მისთვის ეს არც სიმამაცეა, არც გმირობა, არც ვალი, სხვაგვარად უბრალოდ არ შეუძლია, ნორმალური მდგომარება მისი ასეთია, ქვეყნის გასაჭირში, ქვეყნის მცველად ყოფნაა მისთვის ნორმალური მდგომარეობა და სხვაგავარად არც ესმის, არც იცის სხვაგვარად.
ამიტომ გაეფიცა რეჟიმს ბოლომდე!
არც ვინმეს მოუწოდებს, არც ვინმეს ამუნათებს, არც რამეს ითხოვს, არც გვერდით და უკან იხედება, მხოლოდ ის იცის, სად უნდა იდგეს თავად და სწამს, რომ მისი, ერთი მცველის საქმეს თუ სწორად შეასრულებს, ამას ექნება აზრი, აუცილებლად ექნება.
ამიტომ ვერ უპოვეს სუსტი წერტილი, ამიტომ ვერაფერი მოუგონეს, ამიტომ სთხოვეს ახლა ბოდიშის მოხდა. როგორ არ ექნება სუსტი წერტილი, ყველას გვაქვს და ექნება, მაგრამ ის ახლა ქვეყნის მცველია და მისთვის ახლა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავია სუსტ წერტილებზე რეაგირება არ ჰქონდეს.
ისინი მისი სიმამაცის გატეხვას ცდილობენ და ანდროსთვის ეს არაა სიმამაცე, ანდროსთვის ეს ჩვეულებრივზე ცხადი საკეთებელია.
აბა, ქვეყნის მცველობას თუ სიმამაცე დასჭირდა, გამოდის, სამშობლოს დაცვის გეშინია და რაზე ეტყობა რომელიმეს, სამშობლოს დაცვის შიში ჰქონდეს?
და ასეა ყველა ის ბიჭი, დაჭერილი, მის გვერდით მსხდომი.
ქვეყნის მცველებად ვერ გაზრდი ადამიანებს, ქვეყნის მცველებად, ალბათ, იბადებიან და ქვეყნის მცველებად დაბადებულები დაიჭირეს… ის ვეღარ გაიაზრეს, ქვეყნის მცველების ერთად თავმოყრას რამხელა ძალა აქვს, თუ შიგნით და თუ გარეთ…
რეჟიმის წინააღმდეგ გაფიცული ბიჭის, ქვეყნის მცველი ბიჭის დაბადების დღეა დღეს და ვულოცავ, მთელი გულით ვულოცავ და ზუსტად ვიცი, როცა გავიმარჯვებთ, მას გამოუვა ყველაფერი, რასაც მოინდომებს!
თქვენია საქართველო, ბიჭებო.
თქვენი რომაა, ეს თქვენზე, ქვეყნის მცველებზე მეტად ვინ იცის დღეს. თქვენი დასაცავიც ამიტომ არაა, განა?
თქვენია საქართველო და ვწუხვარ, რომ ამ ფასად, შეიძლებოდა ნიჭიერების ფრქვევის საფასური ჰქონოდა დღეს იმას, თქვენი რომაა საქართველო.
ამიტომაა ეს ერთდროულად მადლი და ტვირთი.