თამთა მიქელაძე: კამერას, რომელიც ღონისძიებას იღებდა ივანიშვილის, კობახიძის, კალაძის და მისი ოჯახის, ზოგჯერ პაპუაშვილის სახის გარდა არ ყავდა გმირი. კამერას აღარც კი უცდია, კოლორიტების და საზოგადოებრივი მხარდაჭერის ჩვენება

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, იურისტი თამთა მიქელაძე:
კალაძის უკვე მესამედ მერობის კანდიდატად წარდგენის ღონისძიებას ვუყურე. ის უფრო მეტად გავდა დადგმულ სპექტაკლს, რომელიც გვამცნობდა არა ძალაუფლების სიახლეს და ენერგიას, არამედ მის განმეორებად, ინერციულ და მკვდარ ხასიათს. ის უფრო მეტად გვიჩვენებდა იმას, თუ როგორ მუშაობს ძალაუფლება მაშინ, როცა იდეები და ხალხთან კავშირი ამოწურულია და მხოლოდ ცარიელი იმიჯი რჩება. ეს არის ძალაუფლება, რომელიც აღარ საუბრობს, აღარ უსმენენ და მხოლოდ აჩვენებს.
სწორედ ამიტომ ღონისძიება იყო მოკლე, მშრალი, ილაპარაკა მხოლოდ მ, არც ერთმა სხვამ და დარბაზში ერთი ადამიანიც კი არ იღიმოდა. კამერას, რომელიც ღონისძიებას იღებდა ივანიშვილის, კობახიძის, კალაძის და მისი ოჯახის, ზოგჯერ პაპუაშვილის სახის გარდა არ ყავდა გმირი. კამერას აღარც კი უცდია, კოლორიტების და საზოგადოებრივი მხარდაჭერის ჩვენება.
კალაძის გამოსვლაში არ ჩანდა არც ერთი ახალი ხედვა ქალაქის განვითარებაზე. არ გაჟღერებულა პასუხი იმ უმძიმეს პრობლემებზე, რომლებიც დღეს თბილისის ყოველდღიურ რეალობას განსაზღვრავს: ქალაქის ფიზიკური უსაფრთხოება, ურბანული ქაოსი, სოციალური უთანასწორობა, საცხოვრისთან დაკავშირებული გამოწვევები, სიღარიბე, სატრანსპორტო კრიზისი და ა.შ.
კალაძემ ვერ აჩვენა პასუხისმგებლობის გაცნობიერების ელემენტარული ჟესტიც კი. მერს არც კი გახსენებია ის ტრაგედიები, რომლებმაც ბოლო წლებში ჩვენი ქალაქი შეძრა. ავარიულ კორპუსებში ლიფტის ჩაწყვეტით, ვაგზალზე ჩამონგრეული თაღით ადამიანების გარდაცვალებით, ვაკის პარკში ან რიყეზე ბავშვების დაღუპვით გამოწვეული კატასტროფები. ამ ტარგედიების არ გახსენება არ იყო უბრალოდ გამოტოვება, არამედ მათი აქტიური დავიწყების, წაშლის მცდელობა, რომელიც სინამდვილეში მმართველობის ტექნიკაა. უფრო მეტიც, კალაძემ ისიც კი თქვა, რომ თბილისი ბავშვებზე მზრუნველი ქალაქია. ცინიკური და უხერხული!
კალაძემ არაფერი თქვა იმაზეც, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ამ ქალაქში გაჭირვებულმა და უსახლკარო ოჯახებმა, ან სად უნდა წავიდნენ ის ქალები და ბავშვები, რომლებიც ხუთი დღის წინ პოლიციამ თავიანთი სახლებიდან გამოასახლა და საჯაროდ დაამცირა. ეს ხალხი ამ დრომდე ქუჩაში რჩება და მათ მხარდაჭერაზე კალაძე არც კი ფიქრობს.
კალაძემ ასევე არაფერი თქვა ქალაქის მონაწილეობით და დემოკრატიულ მართვაზე, რომელიც თანამედროვე ქალაქების მართვის მთავარი ლოგიკაა. სიტყვა თვითმმართველობა, ჩართულობა, მონაწილეობა არც კი უხსენებია. მის ენაში ადამიანი არის ობიექტი, მაქსიმუმ ბენეფიციარი და არა მოქალაქე, რომელიც ქალაქის განვითარებაში მონაწილეობს.
მოკლედ. კალაძემ დღეს ვერ შეძლო ვერც კარგ პოლიტიკოსად, ვერც კარგ მენეჯერად და ვერც კარგ ადამიანად პოზიციონირება და მთელი გუნდი მხოლოდ სიცარიელეს, დაძაბულობას და უენერგიობას ასხივებდა.