თამარ ხიდაშელი – აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსის შეფასება მთლიანად თანხვედრაშია ევროკავშირის ზოგად შეფასებასთან ექვსივე პარტნიორ ქვეყანასთან დაკავშირებით

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსის შეფასება მთლიანად თანხვედრაშია ევროკავშირის ზოგად შეფასებასთან ექვსივე პარტნიორ ქვეყანასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დირექტორმა, თამარ ხიდაშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის 2023 წლის შეფასებაზე ისაუბრა, სადაც საქართველო, საერთო ქულებით, მე-3 ადგილზეა მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ. ამის შესახებ თამარ ხიდაშელმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსის შეფასება მთლიანად თანხვედრაშია ევროკავშირის ზოგად შეფასებასთან 6-ვე პარტნიორ ქვეყანასთან დაკავშირებით, სადაც ბოლო ადგილზეა ბელარუსი და ბოლოს წინა ადგილზეა აზერბაიჯანი. და მოლდოვა ჩვენზე წინ არიან იმ თვალსაზრისით, რომ მათთან დღე-დღეზე შეიძლება გაიხსნას მოლაპარაკებები, მაშინ როდესაც ჩვენ ახლახან მივიღეთ კანდიდატის სტატუსი.
აქვე ანგარიშში, ისევე როგორც ევროკავშირის შეფასების დოკუმენტებში, აღნიშნული იყო, რომ მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მათთვის გახდა რეფორმებისთვის სერიოზული იმპულსი. მაგალითად, უკრაინამ რეფორმები განახორციელა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე დაიწყეს მოსამართლეების შეფასება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა მოსამართლეების შეფასება. ანალოგიური მოხდა მოლდოვაში, სადაც მოსამართლეების შეფასების სისტემა, რომლებიც უნდა დაინიშნონ უმაღლეს თანამდებობებზე, ასევე ახლა მიმდინარეობს.
ამისგან განსხვავებით, საქართველოში უკან წავედით. გვახსოვს საქართველოს მოსამართლეებთან დაკავშირებით ამერიკის მიერ 3 მოსამართლის დასანქცირება. გარდა ამისა, ვენეციის კომისა, რომელიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზეა ორიენტირებული, მისი შეფასებები სასამართლოსთან დაკავშირებითაც რომ ავიღოთ, უკიდურესად კრიტიკული იყო.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ ხელისუფლების წუხილი არის საკუთარ ამომრჩევლისკენ მიმართული და იმ ნარატივის გაგრძელება, რომელიც გასულ წელსაც ვიხილეთ, რომ ჩვენ წინ ვართ, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, არ შეესაბამება ევროკავშირის მოსაზრებას“,- განაცხადა თამარ ხიდაშელმა.
მისივე თქმით, საქართველოს უკუსვლა აქვს მედიის თავისუფლების კუთხით, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითაც.
„გარდა ამისა, უკუსვლა გვაქვს მედიის თავისუფლების კუთხით. ერთ-ერთ წინააღმდეგობრივ საკითხად იყო მიჩნეული ს დაპატიმრება, თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ ის პრეზიდენტმა შეიწყალა”, – განაცხადა თამარ ხიდაშელმა.
ინფორმაციისათვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში, საერთო ქულებით, საქართველო, მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. კერძოდ, მოლდოვა პირველ ადგილზეა 0.7 ქულით, უკრაინა მეორეზე – 0.66 ქულით და საქართველო მესამეზე – 0.63 ქულით.
აღნიშნულ სამეულს მოჰყვება სომხეთი – 0.61 ქულით, აზერბაიჯანი – 0.47 ქულით და ბელარუსი – 0.45 ქულით.

ასევე დაგაინტერესებთ