ახალგორელ აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს, რომელსაც ცხინვალი “ჯაშუშობას” ედავება, ადგილობრივმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დახურული სასამართლო სხდომა ცხინვალში დღეს, 24 დეკემბერს გაიმართა. სხდომას ვერ დაესწრნენ თამარ მეარაყიშვილის მშობლები და ახლობლები.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების უწყებამ [КГБ] გუშინ, 23 ნოემბერს წინა ღამით დაკავებული თამარ მეარაყიშვილის მიმართ ბრალდება დააზუსტა – “დაკავებული ეჭვმიტანილია იმაში, რომ საქართველოს სპეცსამსახურებთან აფელირებულ უცხოურ მედიასაშუალებებს ინფორმაციას გადასცემდა”.
КГБ-ს განცხადებით, ჯაშუშობაში ბრალდებულ თამარ მეარაყიშვილს „მედიასაშუალებები იყენებდნენ პროპაგანდისტულ ღონისძიებებში საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესების გასატარებლად“.
“ამ ეტაპზე დაკავებულის მიმართ რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმის ფარგლებში ტარდება აუცილებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ეჭვმიტანილის შესაძლო თანამზრახველები და კავშირები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე”, – წერს სააგენტო “რეს” КГБ-ზე
უწყების წინა განცხადების მიხედვით, გამოძიების ვერსიით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ახორციელებდა ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას რესპუბლიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას“.
მეარაყიშვილი წარსულშიც იყო დაკავებული. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა გასვლა ოკუპირებული ტერიტორიიდან.




