მივმართავთ ყველა პოლიციელს თუ პოლიციის ფორმაში გადაცმულ ადამიანს: როდესაც არბევთ, ძალას იყენებთ მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე, სჩადიხართ დანაშაულს, არ შეასრულოთ ანტიქართული რეჟიმის წარმომადგენლების უკანონო ბრძანებები – უნდა დაისაჯოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური,- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის სახელით ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
კორძაიას თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეების ხმის გაჟღერებას პარლამენტში და მშვიდობიან პროტესტს.
„ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების მიერ დაკვეთილი ბოროტი და დანაშაულებრივი ქმედებები გრძელდება. მშვიდობიანი, არაძალადობრივი საპროტესტო აქცია სასტიკად იქნა დარბეული ხელისუფლების მიერ. ღამემ გვაჩვენა, რომ მათ საქართველო და მისი მოქალაქეები არათუ არ ადარდებთ, არამედ, ქალები და ბავშვებიც კი იყვნენ მათი უხეში ძალის გამოყენების სამიზნე. მივმართავთ ყველა პოლიციელს თუ პოლიციის ფორმაში გადაცმულ ადამიანს: როდესაც არბევთ, ძალას იყენებთ მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე, სჩადიხართ დანაშაულს. არ შეასრულოთ ანტიქართული რეჟიმის წარმომადგენლების უკანონო ბრძანებები. მიზანმიმართული შურისძიების და სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. ის სპეცრაზმმა გაიტაცა და სცემეს ტელეკამერების წინ. მას აქვს ტვინის შერყევა, ცხვირის და სახის ძვლების მოტეხილობა. ეს ძალადობრივი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტზე არის კრიმინალური ქმედება და მასში ჩართული ყველა პირი უნდა დაისაჯოს. პირველ რიგში, უნდა დაისაჯოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ლევან ხაბეიშვილს ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას და ყველა ოპოზიციური პარტია ერთხმად ვგმობთ ძალადობას, რაც საქართველოს მოქალაქეების და ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ხორციელდება. ამ ეტაპზე ვაგრძელებთ თქვენი ხმის გაჟღერებას პარლამენტში და გამოვიყენებთ მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმას თქვენთან ერთად. ამ ქმედებებით მთავრობამ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა საკუთარ ხალხთან, თავისუფალ სამყაროსთან და ზურგი აქცია ჩვენს ევროპულ გზას. სწორედ დღეს, როდესაც 20 წლის იუბილეს ზეიმობს ევროკავშირი. უზომოდ ვამაყობთ ყველა კაცით, ქალით, ახალგაზრდით, ვინც იცავდა და იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს ქუჩებში, ვინც ბოროტებას სახეში შეჰყურებდა და უკან არ იხევდა. ჩვენთვის საამაყოა და პატივია დაგიძახოთ დები და ძმები. ჩვენი ერთად დგომა დაიცავს ჩვენს სამშობლოს და ეროვნულ ინტერესს. ხმამაღლა და გარკვევით ვამბობთ – კი ევროპას, არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას. ხელისუფლების დრო ამოიწურა, ცვლილებების დროა და ისევ ერთად დღეს აქ, რუსთაველზე“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.