თამარ კეკენაძე – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიმშვიდე, გონიერება და 4 ოქტომბრის არჩევნებზე მოსვლით დავიწყოთ „ქართული ოცნების” რეჟიმის ცვლილება

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის თამარ კეკენაძის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც საქართველო საერთაშორისო ყურადღებას მხოლოდ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებით ინარჩუნებს, კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის” მცდელობა, ხელისუფლების დამხობის მოწოდებებით, ოპოზიციური სივრცის დისკრედიტაცია მოახდინოს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
კეკენაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი რიტორიკა და ქმედებები კიდევ უფრო ამყარებს „ქართული ოცნების” რეჟიმს.
„დღეს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გაიმართება დებატები საქართველოს შესახებ. ასევე იგეგმება სპეციალური რეზოლუციის მიღება, რომელშიც ჩვენი პარტნიორები კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებენ, რომ პოლიტიკური დევნა, რეპრესიული კანონმდებლობა და მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები არღვევს საქართველოს ვალდებულებებს ევროპის საბჭოს წინაშე და კიდევ უფრო ამძიმებს დემოკრატიულ უკუსვლას.
რეზოლუციაში, ასევე, ნათლად ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების” რეჟიმმა შეგნებულად დააგვიანა ეუთო/ოდირის მოწვევა, რათა არჩევნებზე დაკვირვება ფაქტობრივად შეუძლებელი გამხდარიყო.
ევროსაბჭოს რეზოლუცია პირდაპირ ამბობს, რომ დემოკრატიული უკუსვლა იმდენად ღრმაა, რომ თავად დემოკრატიის არსებობა საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
ეს ყველაფერი არღვევს საქართველოს ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებებს და კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზას.
ის ფაქტი, რომ ამ პირობებში ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ საერთაშორისო ყურადღებას საქართველოს საკითხების მიმართ, მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის დამსახურება, იმ პროტესტის, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააჩერა ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია.
ამ ფონზე კიდევ უფრო კატეგორიულად მიუღებელია მშვიდობიანი პროტესტის, ბოიკოტის მთავარ ინსტრუმენტად წარმოჩენა და „ნაციონალური მოძრაობის” მცდელობა, ხელისუფლების დამხობის მოწოდებებით, სრული დისკრედიტაცია მოახდინოს ოპოზიციური სივრცის. ასეთი რიტორიკა და ქმედებები კიდევ უფრო ამყარებს “ქართული ოცნების” რეჟიმს, და პირდაპირ ასხამს წყალს ს ინტერესებს საქართველოში, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა, საოკუპაციო რეჟიმის ბოლო დღეების პრეტენზიების ფონზე, რომლებიც უკვე ჩორჩანას პოსტის მოხსნას ითხოვენ, “ქართული ოცნების” რეჟიმის ქმედებებზე დაყრდნობით.
ასეთ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გონიერება და 4 ოქტომბრის არჩევნებზე მოსვლით დავიწყოთ “ქართული ოცნების” რეჟიმის ცვლილება.“- განაცხადა კეკენაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი – ვახტანგ ფიცხელაური სასამართლოს მიაწოდებს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან დაკავშირებით

პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებისთვის გზის გახსნისკენ მოწოდების შემდეგ, მომიტინგეთა იმ ნაწილმაც, რომელსაც მანამდე ტროტუარი ეკავა, გზაზე გადაინაცვლა, პოლიციამ კი ტერიტორია დატოვა – ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია