ავღანეთის მმართველმა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა თალიბანმა, რომელიც, მისი აზრით, ამორალურ მოვლენებს ებრძვის, ქვეყანას ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი გაუთიშა.
ინტერნეტის მონიტორინგის საერთაშორისო სამსახურის, NetBlocks-ის ინფორმაციით, თალიბებმა ინტერნეტი სრულად გათიშეს 29 სექტემბრიდან. რამდენიმე კვირით ადრე ინტერნეტი გამოურთეს ავღანეთის ზოგიერთ პროვინციას. შეფერხებულია მობილური ინტერნეტიც, სატელეფონო კავშირი და თანამგზავრული ტელევიზიის მაუწყებლობა.
თალიბანმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ინტერნეტის ალტერნატიულ არხებს შექმნის.
2021 წლიდან, ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ თალიბებმა დაიწყეს შარიათის ნორმების დანერგვა იმ სახით, როგორც ეს მათ ესმით. ბოლო ხანს მიღებული ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტებში აიკრძალა ქალების მიერ დაწერილი წიგნების შესწავლა.
