თათრეთის მეთაურმა რუსტამ მინნიხანოვმა უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ რეგიონის ყოველ საწარმოს მოუწოდა, რომ დამოუკიდებლად თავდაცვისკენ მოუწოდა.
“არ უნდა ველოდოთ, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა იმუშავებს, ის სხვა პრობლემებს ჭრის. ჩვენ ჩვენი ძალებით უნდა გადავჭრათ, ყოველმა საწარმომ, ყოველმა მუნიციპალიტეტმა, ყოველმა ქალაქმა.” – თქვა თათრეთის მეთაურმა.
მინნიხანოვის თქმით, ხალხს არავინ დაიცავს საკუთარი თავების გარდა.
“გუშინდელმა ვითარებამ აჩვენა, რომელი სფეროებია ყველაზე დაზარალებადი და მგრძნობიარე. რა თქმა უნდა, ეს ენერგეტიკაა, მასზეა დამოკიდებული მთელი წარმოება და თქვენი მტერი ამას გრძნობს. პირველ რიგში, ჩვენი საწარმოების ხელმძღვანელებს მივმართავ. ყველაფერი, რასაც ვამბობდით, რომ იქნებოდა პრობლემები, ახდა. რადგან გუშინ იყო ურაზა და მართლმადიდებელთა მარხვა, ყოვლისშემძლემ ჩვენ შანსი მოგვცა… გამოფხიზლდით, ხალხო, არავინ ჩვენ არ დაგვიცავს, ჩვენი თავების გარდა.” – თქვა მინნიხანოვმა.
ამას გარდა, რეგიონის მეთაურმა თათრეთში გადაუდებელ ვითარებათა სამსახურებს მოუწოდა, რომ მზადყოფნაში იყვნენ.
2 მარტს იელაბუგასა და ნიჟნეკამსკში მდებარე ობიექტებზე უკრაინამ იერიშები დრონების გამოყენებით მიიტანა. იელაბუგაში სამიზნე იყო ადგილი, სადაც, სავარაუდოდ, შაჰედის ტიპის ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებდნენ. ხოლო ნიჟნეკამსკში სამიზნე ენერგოობიექტი გახდა.
სავარაუდოდ, უკრაინელებმა იელაბუგაზე მიტანილი იერიშისთვის დრონად მოდიფიცირებული მსუბუქი თვითმფრინავი გამოიყენეს.
ეს ქალაქები უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 500 კილომეტრითაა დაშორებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ომის განმავლობაში არის კიევის მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ყველაზე შორ მანძილზე შესრულებული დარტყმა.
უკრაინის დარტყმის შედეგად დაზიანდა ალაბუღის სპეციალური ეკონომიკური ზონისა და პოლიტექნიკური კოლეჯი ალაბუღ პოლიტექის ტერიტორია. დაშავდა 14 ადამიანი, 9 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. მათ შორის არიან რუსეთის, ყირგიზეთის, შრი-ლანკის, ზიმბაბვეს, რუანდის, კონგოს, კენიის, ნიგერიისა და სამხრეთ სუდანის მოქალაქეები.
აქამდე, 2023 წლის ივლისში გავრცელდა ცნობები, რომ იელაბუგაში მიმდინარეობდა ირანული შაჰედის ტიპის დრონების წარმოება. მაშინ გამოცემა Протокол-ისა და YouTube-არხი РЗВРТ-ს ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება ირწმუნებოდა, რომ კოლეჯ ალაბუღ პოლიტექის სტუდენტებს შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს აწყობინებდნენ. ჟურნალისტების წყაროები ამბობდნენ, რომ წარმოებაში თავდაპირველად ჩართული ჰყავდათ 15-17 წლის მოზარდები, შემდეგ კი ყველა კურსის სტუდენტები. ამავე გამოძიების მიხედვით, წარმოებაში რთავდნენ არასრულწლოვან სტუდენტებს აფრიკის ქვეყნებიდანაც.