თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია

მესმის, რომ ქართული საზოგადოებისთვის ბაჩო ახალაიას და მის ძმას იმდენი აქვთ დაშავებული თავის დროზე, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია, მესმის, რომ ამ მონსტრის პროფილის მორგება შემდეგ შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მტკიცებულებები ძალიან სუსტია.
„ბაჩო ახალაია ძალიან ბევრ უბედურებაში რომ იყო ამ ქვეყანაში და ბევრი უბედურების ავტორი რომ იყო ზოგადად, ვიცოდი, ისიც ვიცოდი, რომ სამარტოო საკანში 10 წელი მოიხადა, ისიც ვიცოდი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სადღაც მართლა სამართლიანობა რომ ეძებოს, ბაჩო ახალაიაზე კიდევ შეიძლება ბევრი ამბავი „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულიდან ამოიღოს, მაგრამ 4 ოქტომბრის ნაწილში, არ ვიცი… იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რაც ჩვენ სუს-ის ბრიფინგის დროს დავინახეთ და ვხედავთ, რომ ამის იქით არაფერია – ვინ – ვის რამდენჯერ დაურეკა. მე მესმის, რომ ქართული საზოგადოებისთვის ბაჩო ახალაიას და მის ძმას იმდენი აქვთ დაშავებული თავის დროზე, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია, მესმის, რომ ამ მონსტრის პროფილის მორგება შემდეგ შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ ვერ გეტყვით, ის მტკიცებულებები ძალიან სუსტია, რომელშიც უბრალოდ ზარების რაოდენობაა ჩამოთვლილი ბაჩო ახალაიას ვინ რამდენჯერ დაურეკა. თუ ეს არის მთელი საქმე, მაშინ სასაცილოა, პიარული სვლაა. მე მაინც გაგახსენებთ, მთავარი პრობლემა სადაა. ერთი მხრივ, ეს ხალხი ცდილობს გადაფაროს BBC-ის მოწამვლის გამოძიება და მეორე მხრივ, ეს ხალხი ცდილობს, ლილუაშვილის ამბავი გადაფაროს ამ შემდგარი „მონსტრით“ როგორიც ბაჩო ახალაიაა“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხთან დაკავშირებითაც.
„საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე ძალიან ბევრ შესაძლებლობას დაკარგავს, მათ შორის, სიცოცხლის ელემენტარულ შესაძლებლობას, როგორიც ერთი მხრივ, ჯანმრთელობის დაცვის ამბავია და მეორე მხრივ, საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე საშოვარზე დადის ევროკავშირის ქვეყნებში და იქიდან ოჯახს არჩენს, შესაბამისად, ეს იქნება ამ ადამიანებისთვის შეზღუდვა, ამიტომ ეს ცინიკური, ძალიან იაფფასიანი და მოღუნული ტვინის აზრები, რომელსაც ხშირად ვისმენთ ხოლმე ბატონი პაპუაშვილის, კობახიძის და ამ მოსიარულე სხვა გვამების პირიდან, ერთი მძიმე ამბავია. გვყავს ხელისუფალი, რომელსაც ჰგონია, რომ ევროკავშირის ვიზები მარტო პიარული მოვლენაა და მეტი არაფერი. მეორე მხრივ არის ევროკავშირი, რომელიც აქამდე გადაწყვეტილებებს საქართველოსთან, როგორც კანდიდატ ქვეყანასთან მიმართებით, ისე იღებდა. აქამდე, მიუხედავად „ქართული ოცნების“ ერთწლიანი დემოკრატიის ნგრევისა, მიდგომები საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იყო, რადგან ევროკავშირში ბევრად აფასებენ საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებს და სცემენ პატივს, ვიდრე, ამას აკეთებს „ქართული ოცნება“, დარწმუნებული ვარ, ეს მიდგომა ასე გაგრძელდება. ამიტომ, არ მგონია, ვიზალიბერალიზაცია საფრთხის ქვეშ დადგეს, მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომელიც აქამდე უპრეცედენტოდ მკაცრია. მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეების ინტერესის წინააღმდეგ არ წავლენ ჩვენი პარტნიორები. რა იქნება ამის შემდეგ, რა უფრო მძიმე ნაბიჯებს გადადგამს „ქართული ოცნება“, რომ კიდევ უფრო გაამწვავოს ვითარება, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ თითქმის, რომ საქმე აქამდე არ მივა“, – განაცხადა დათუნაშვილმა.