“თავში, სახეში ვურტყით… 3 წუთი ვცემდით… ეს ცოტა იყო, კიდევ ერთი მაგდენი არ აწყენდა” – იაგო ხვიჩია

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის ოფისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ხვიჩია ამბობს, რომ იმ ადამიანს, რომელიც მათთან ოფისში მივარდა და იქ მყოფ პირებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მას კი ცხვირი დაუზიანა, ფიზიკურად თავადაც გაუსწორდნენ.
იაგო ხვიჩია, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, ამბობს:
“დღეს განყოფილებაში ვიყავი და ჩემი პოზიცია ავუხსენი, რომ არც ჩივილს და არც ექსპერტიზის ჩატარებას არ ვაპირებ. ამ შემთხვევაში, მე მოძალადესთან სამართლებრივი პრეტენზიები არ მაქვს. მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც ყველა ნაკაწრზე პოლიციაში დარბის და ხალხს იმას მოუწოდებს – რომ ერთმანეთს უჩივლეთ, ერთმანეთი დააჭერინეთ და ა.შ. ზოგადად, ჩხუბი ადამიანურია. ამ მოძალადეს კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით მივბეგვავდი და ველოდები, ეს დღე როდის დადგება. მთელი ცხოვრება ასე ვიქცეოდი. თუ ვინმე ირტყმევინებოდა, საბოლოო ჯამში უფრო მეტი ხვდებოდა. ეს იყო ჩემი მოწოდება. იმის მიუხედავად, რომ ცხოვრებაში ბევრჯერ მიჩხუბია, პოლიციის განყოფილებაში კალმითა და ფურცლით არასოდეს მირბენია. იმ ადამიანს თავზე ჩაშავებული ადგილები ექნება, რადგან ოფისში ხელი ყველას ტკივა – ეს ხელები კიდევ მას თავში, ან სახეში ურტყეს. მე კი ცხვირზე ამ დაზიანებას არ მოვუკლივარ. ზოგადად, მამაკაცების შემთხვევაში ჩხუბი ხშირად ხდება და ეს ასეთი დრამატული მოვლენა არ არის, როგორც ქალების შემთხვევაში შეიძლება, იყოს. უპასუხისმგებლობა ის არის, მოყვასს რომ მურუსიძის სასამართლოში უჩივლო… მე არაადეკვატურად ის ხალხი მიმაჩნია, ყველანაირ ჩხუბზე რომ პოლიციაში გარბიან. თუ ვინმე გირტყამს, შენც უნდა დაარტყა, როცა ამის შესაძლებლობა გაქვს. ჩვენ იმით ვართ უკმაყოფილო, რომ ეს ადამიანი სწრაფად გაგვექცა. სულ ერთი 3 წუთი ვცემდით. ჩემი აზრით, ეს ცოტა იყო. კიდევ ერთი მაგდენი არ აწყენდა… მე მირჩევნია, პასუხისმგებლობა იმაზე ავიღო, რომ ადამიანს ვუთხრა, მურუსიძის სასამართლოში არ წავიდეს და თუ ვინმე საცემია, თავად მიხედოს, ვიდრე პირიქით, წახვიდე მურუსიძის სასამართლოში, როცა სამართლიანი სასამართლო გვექნება, ასეთ საქმეებზე საჩივარს მერე შევიტან”.. ცემა არასოდეს არავისთვის შემირჩენია. ხელი ყველას მოხვედრია. ხან გცემენ, ხან კი შენ სცემ. მთავარი მუღამი იმაში მდგომარეობს, გაქვს თუ არა უნარი, რომ თავი არ დააჩაგვრინო. მე ეს უნარი ყოველთვის მქონდა – იმ შემთხვევაშიც, როცა ვინმე ჩემზე ძლიერი იყო. იმიტომ, რომ როცა ამის მომენტი მოდიოდა, თავში ქვას ვურტყამდი. 90-იან წლებსა და 2000-იანების დასაწყისში, ჩხუბის გამო პოლიციაში წავალ და გიჩივლებო, ვერავის ეტყოდი. რადგან ამ ქვეყანაში სასამართლო სამართლიანი არასოდეს ყოფილა, სურვილიც არ გამჩენია, ჩხუბის გასარჩევად იქ წავსულიყავი”.