თავს დაესხნენ კიდევ ერთ მუსიკოსს, Kordz-ს, რომელმაც „ოლე ოლა“ შეასრულა

მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (სასცენო სახელით Kordz), – რომელიც ერთ-ერთი საპროტესტო აქციების მხარდამჭერ იმ მუსიკოსებს შორის, რომლებსაც საჯაროდ შესრულებული აქვთ სიმღერა „ოლე ოლა“, – იუწყება, რომ თავს დაესხნენ.
Kordz-ი უკვე მესამე მუსიკოსია, რომელსაც ამ სიმღერის გამო უსწორდებიან.
თავდაპირველად Kordz-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, მარიამ მაღულარიამ ფეისბუკზე დაწერა:
„დღეს კორძსაც დახვდნენ, მიზანმიმართულად. 4-5 ადამიანი დედას აგინებდა და მოსდევდა, უბრალოდ მოახერხა გამოქცევა“.
მალევე მუსიკოსმა ინსტაგრამზე ორ ენაზე, ინგლისურად და ქართულად დაწერა ინციდენტის შესახებ:
„დღეს [8 ივლისს] ბებიას ვსტუმრობდი. ტაქსიდან როცა გადმოვედი, ოთხი, საკმაოდ მსუქანი „მობანდიტო“ ტიპი მომიახლოვდა და მეუბნება: „შენ დიჯეი კორძი არა ხარ შე ბო*ო, ახლა კარ*ის ტრ**ს მოგი***ვთო“ და ქუჩაში გამომეკიდნენ“.
მუსიკოსის თანახმად, მან გაქცევა და შორიახლოს მაღაზიაში მიმალვა მოახერხა: „მაღაზიაში ძალიან კარგი ხალხი იყო და კარიც ჩაკეტეს“, – წერს ის.
Kordz-ი წერს, რომ პოლიციაში განცხადება შეიტანა, მათ კი უთხრეს, რომ კამერებს შეამოწმებენ. „მაგრამ ვინ იცის“, – წერს მუსიკოსი.
როგორც კორძაია წერს, უკვე ექვსი თვეა, იღებს მსგავსი შინაარსის მუქარებს.
ის ასევე ახსენებს მსახიობ და მუსიკოს ვანიკო თარხნიშვილს, რომელსაც ორი დღით ადრე, 6 ივლისს დაესხნენ თავს.
· „ოლე, ოლა“ არის სიმღერა, რომელიც შეიცავს „ქართული ოცნების“ გინებას და რომელსაც ხშირად მღერიან 2024 წლის 28 ნოემბრიდან უწყვეტად მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“;
· მასზე მწვავედ რეაგირებენ „ქართული ოცნების“ წევრები.
· Kordz-ს იუტუბზე 2024 წლის 4 დეკემბერს აქვს გამოქვეყნებული „ქართული ოცნების საწინააღმდეგო ჰიმნი“, – რომელშიც სწორედ ეს სიმღერა აქვს გამოყენებული „სემპლად“.
· მან ეს სიმღერა 15 აპრილს შეასრულა ციურიხში, კლუბში Moods.
· ამავე სიმღერის გამო დაესხნენ თავს 2025 წლის 4 მარტს კიდევ ერთ მუსიკოსს, საპროტესტო აქციების მონაწილე დავით გაბუნიას, რომელიც ვანო თარხნიშვილთან ერთად უკრავს ბენდში – „გამოუვალი მდგომარეობა“.
· როგორც მოგვიანებით თავადაც დაადასტურა ფეისბუკში, გაბუნიას სახეში მუშტი დაარტყა „ქართული ოცნების“ წევრმა, მიშა მესხმა (მომღერალ სოფო ბედიას ქმარმა).
ფორუმი