თავიდან აიცილეთ გადაწყვეტილებები, რაც შეაფერხებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას – EU-ის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები განცხადებას ავრცელებენ, სადაც საუბარია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე.
ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულოთ, რომ ვიზიტის დროს დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული მომენტის გამოყენების მნიშვნელობას.
“ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემული რეკომენდაციები ცხრა ნაბიჯის სახით, მკაფიო გზამკვლევია. საჭირო რეფორმები და პროგრესი შეუფერხებლად უნდა შესრულდეს, რაშიც ჩართული იქნება მთავრობა, ყველა პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო საზოგადოება.
ცოტა დრო დარჩა, ახლა დროა 9 ნაბიჯი შესრულდეს და თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რამაც შეიძლება ევროინტეგრაცია შეაფერხოს”, – წერია განცხადებაში.
ამ კონტექსტში ისინი ახსენებენ “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში ხელახლა ინიციირებულ “აგენტების კანონს” და ამბობენ, რომ დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გამო და გაიხსენეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის 4 აპრილის განცხადება.
მათივე განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ეუთო/ოდირის დამკვირვებლების მოწვევის შესახებ. ასევე, მთავრობას მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობაზე და ხაზს უსვამს ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ყველა დარჩენილი რეკომენდაციის განხილვის აუცილებლობას,
საარჩევნო კოდექსის ცვლილებისას.
ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია, რომელსაც ელჩი დელფინ ფრონკი ხელმძღვანელობდა, ვიზიტის განმავლობაში შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, თავდაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს და საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, აგრეთვე სამოქალაქო სექტორს.
ისინი, ასევე გეგმავენ, ეწვიონ ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას საოკუპაციო ხაზთან.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ