მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება არ გაკვირვებია – ამბობს მისი ადვოკატი ჯუბა ქათამაძე, რომელიც სწორედ იმ დროს, როცა გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, მოშიმშილე ჟურნალისტთან, კლინიკა “ვივა მედში” იმყოფებოდა:
“როდესაც შევედი, თავიდანვე მითხრა, რომ არანაირი იმედი არ ჰქონდა, რომ რამე პროცესს ჩანიშნავდნენ, ან რეალურად საქმის შინაარსობრივ განხილვაში შევიდოდნენ და შემდგომში ერთობლივად გავიგეთ ამ გადაწყვეტილების შესახებ. არანაირი გაკვირვება და გაოცება არ ჰქონია, ისევე ღირსეულად მიიღო ეს გადაწყვეტილება, როგორც აქამდე ყველა სხვა და როგორც თვითონ ამბობდა, რეალურად მოხდა ისეც, რომ სრულიად უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, შესაბამისად რაიმე გასაოცარი მისთვის არ მომხდარა. აქამდეც გათვითცნობიერებული ჰქონდა რამხელა უსამართლობასთან ჰქონდა საქმე და კვლავ აგრძელებს მასთან ბრძოლას” – აღნიშნა ადვოკატმა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრისას.
შეგახსენებთ, ბათუმის სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა განსახილველად არ დაუშვა. მოშიმშილე ჟურნალისტის ადვოკატები ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გაუქმებას და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
რეჟიმის ტყვე, უკანონო და უსამართლო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი უკვე 34 დღეა შიმშილობს.
