თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 32 წელი შესრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 32 წელი შესრულდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა.
უწყების ცნობით, სამწყობრო მოედანზე შეკრებილ პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა.
„მან არტილერისტებს სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
აღმოსავლეთის სარდალმა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. პირადი შემადგენლობა დაჯილდოვდა სამსახურებრივი საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებით – „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“.
ღონისძიების დასასრულს, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებმა მე-5 საარტილერიო ბრიგადის შეიარაღება დაათვალიერეს და გასართობ ღონისძიებებს დაესწრნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.