თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ქართული, ასევე ამერიკული მხარისთვის, ჩვენი ინტერესი და სურვილია, გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები – ირაკლი კობახიძე
თავდაცვის სფეროში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელება, უფრო მეტიც, გაღრმავებაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება არის თანაბრად მნიშვნელოვანი როგორც ქართული, ასევე ამერიკული მხარისთვის.
„აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, თუ ამ კუთხით აპირებენ რაიმეს შემცირებას, ეს თანაბრად იქნება დამაზიანებელი როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე ამერიკული მხარის ინტერესებისთვის. მგონია, რომ ყველამ უნდა იმოქმედოს პრაგმატულად. ეს არის ჩემი მოწოდება ყველას მიმართ. ჩვენი ინტერესი და სურვილია, რომ გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები.
მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო პატივისცემა მოქმედი ელჩის მიმართ, განსხვავებით წინა ელჩისგან და წინა ელჩებისგან. მოქმედი ელჩი მთელი ამ თვეების განმავლობაში იყო განწყობილი კონსტრუქციულად და დადებითად. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ მისი პირადი წვლილიც იქნება შეტანილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში. ჩვენ ვართ ყველანაირად მზად ამისთვის, მთავარია, რომ ვიხილოთ შესაბამისი ჯანსაღი შემხვედრი ნაბიჯი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.