თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა
საქართველოს თავდაცვის ძალები სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. სამხედრო პოლიციის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის ძალების ეფექტიანად ფუნქციონირებაში სამხედრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სამხედრო პოლიციელებს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა დეპარტამენტის უფროსმა, თავდაცვის გენერალ-მაიორმა შალვა შენგელიამ.
იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციელები საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი, წარმატებით უზრუნველყოფს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დისციპლინას. განხორციელებული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შედეგად, სამხედრო პოლიცია სამანევრო ქვედანაყოფებს საბრძოლო ამოცანის შესრულებაში უჭერს მხარს. ქვედანაყოფი აქტიურად მონაწილეობს ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის სწავლებებში.

ასევე დაგაინტერესებთ

რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი დიდ ზარალს ღებულობს, იმის გამო რომ ისრაელს ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი თავდაცვა აქვს. “გამოფიტვის” ომში ირანი პირველი გამოიფიტება- იგივე სცენარია უკრაინის ომში, სადაც ამერიკა იქნება “მომლაპარაკებელი მხარე”, ხოლო ისრაელის ფუქციას შეასრულებენ უკრაინა და ევროკავშირი