თავდაცვის მინისტრმა მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადა 20 წლისაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე მიულოცეს. მათ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს.
სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა მე-4 ქვეითი ბრიგადის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება. მან სამხედროებს ბრიგადის შესაძლებლობების გაძლიერებისა და სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესების კუთხით მხარდაჭერა აღუთქვა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, უწყება თავდაცვის ძალების მზადყოფნის, თანამედროვე შესაძლებლობებით უზრუნველყოფის, სამხედროების დაფასებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით არაერთი ინიციატივის განხორციელებას გეგმავს.
საზეიმო ღონისძიებაზე მე-4 ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს და ქართულ ჯარს შეუერთდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით – „სამშობლოსათვის თავდადებული“, „გენერალი კვინიტაძე”, „გიორგი ანწუხელიძე” და „უმწიკვლო სამსახურისთვის“ დააჯილდოვეს.
თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები დაესწრნენ წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის კურთხევას და მათ, სამხედროებთან ერთად, ტაძრის ეზოში ზეთისხილის ხეები დარგეს.
საიუბილეო ღონისძიებაზე მე-4 ქვეით ბრიგადაში სამხედროების ოჯახის წევრებსა და ვაზიანის საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც უმასპინძლეს. მოწვეულმა სტუმრებმა სამხედრო ნაწილის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ბრიგადის ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენი ამოცანაა, ორიენტირებული ვიყოთ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და განრიდებაზე, პრევენციულ ღონისძიებებზე. კანონმდებლობა მოვიდა შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, და კიდევ უფრო ჰუმანური გახდა“

სიები ჩახსნეს და არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას ისეთივე „გრამოფონის” არიაა, როგორც 2020 წელს ჯერ უარს ამბობდნენ პარლამენტის პრივილეგიებზე და ბოლოს, გაცდენილი სხდომების ანაზღაურებასაც ითხოვდნენ