თავდაცვის ახალი მინისტრი ლელა ჩიქოვანის გათავისუფლებაზე – არავინ არაფერს შესწირვია – ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც კონსულტაციების საფუძველზე მე მივიღე

ხაზს ვუსვამ, არავინ არაფერს შესწირვია, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე კონსულტაციების საფუძველზე, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტის კითხვას, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ლელა ჩიქოვანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელს ჰკითხეს, საგამოძიებო უწყებების მხრიდან თუ გახდება შესწავლის საგანი ლელა ჩიქოვანის მიერ -ში ნაყიდი სახლი. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ეს მისი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს.
„ლელა ჩიქოვანთან მე მქონდა საუბარი. მას მადლობა ვუთხარი გაწეული საქმიანობისთვის. იცით, რომ ლელა ჩიქოვანის საქმიანობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს საქმიანობით, მას ძალიან დიდი ისტორია აქვს სახელმწიფო სამსახურის. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება გარკვეული შესაძლებლობები, სადაც ლელა ჩიქოვანის გამოყენება შეიძლება. რაც შეეხება სხვა საკადრო ცვლილებებს, ამ შინაარსის სხვა საკადრო ცვლილებები ჯერჯერობით არ იგეგმება…
არავინ არაფერს შესწირვია, ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა. მეორე მხრივ მინდა გითხრა, როდესაც ახალი მინისტრი ინიშნება კონკრეტულ თანამდებობაზე, მისი მოადგილეები ასევე არიან გათავისუფლებული. მე წარვადგინე სხვა შემადგენლობა, დამატებითი წარდგენები კიდევ იქნება. თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, არავინ არაფერს შესწირვია, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე კონსულტაციების საფუძველზე“, -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ამასთან, როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილის, ლელა ჩიქოვანის შვილი თავდაცვის უწყებაში რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ