თავდაცვა: სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლნისში თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა, ტერიტორია დატოვეს თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა.
სამინისტროს თანახმად, შესაბამისი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობი მოხდა შემთხვევის ადგილის დეტალური დათვალიერება და შედეგად, ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.
“იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, გამოიკითხნენ მოწმეები.
დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. დაგეგმილია ქიმიური, ბალისტიკური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზები.
მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, გრძელდება საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები გენერალური პროკურატურის ზედამხედველობით. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 401-ე მუხლით”, – აცხადებენ სამინისტროში.
დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.