VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა – ზღუდერის ეკლესია მთლიანად განადგურებულია:“ცნობილი გახდა, რომ მთლიანად განადგურებულია ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე ზღუდერის ეკლესია – VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, გადაკეთებული X და შემდეგ XIV საუკუნეებში და ნაწილობრივ დანგრეული საბჭოთა პერიოდში. შენობა წარმოადგენდა ადრეული შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვან ნიმუშს და მინიჭებული ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მის ნაფუძარზე თანამედროვე მასალებით ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს.როგორც ახლა ირკვევა, ძველი ეკლესია ჯერ კიდევ შარშან დაუნგრევიათ, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ არაფერი თქმულა. რომ არა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამშრომლის თამთა დოლიძის ჩასვლა ზღუდერში, ეს აღმაშფოთებელი ფაქტი ალბათ კიდევ კარგა ხანს დარჩებოდა უცნობი საზოგადოებისათვის.14 ივნისს გავრცელდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ძეგლის დანგრევა და მის ადგილას ახალი მშენებლობის დაწყება მოხდა უნებართვოდ. განცხადებიდან ჩანს, რომ სააგენტო უკვე ერთი წელია საქმის კურსშია, მაგრამ ვერაფერი გააწყო აშკარა უკანონობის აღსაკვეთად. მოხდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნისა თუ მითითებების სრული უგულებელყოფა, რასაც შეეწირა მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი.ეს ამბავი ცხადად გვიჩვენებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში შექმნილ საგანგაშო ვითარებას. ბუნებრივია, სააგენტოს აქვს პასუხისმგებლობის თავისი წილი, მაგრამ ვითარება ვერ გამოსწორდება ვერც მარტოოდენ ამ ორგანიზაციის სისტემური რეფორმით (რომელიც თავისთავად აუცილებელია) და ვერც საკადრო ცვლილებებით, თუ კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთმნიშვნელოვანი პრიორიტეტი არ გახდება ისტორიული ძეგლების დაცვა ხელყოფის მცდელობებისაგან – დამოუკიდებლად იმისა, თუ ვისგან მოდის ეს მცდელობა.ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია მსგავსი უხეში დარღვევების შესახებ დაუყოვნებლივ სრულად მიაწოდოს ექსპერტთა წრესა და საზოგადოებას, რათა მათზე დროულად მოხდეს ფართო რეაგირება” – ნათქვამია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის
განცხადებაში.კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით განაცხადა:“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის სამსახურმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის- წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე, ახალი ტაძრის უნებართვო მშენებლობის ფაქტი გასულ წელს გამოავლინა.
სააგენტომ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, წერილობით მიმართა სამუშაოების უშუალოდ განმახორციელებელ, რუის-ურბნისის ეპარქიას. ვითარების თაობაზე, ასევე ეცნობა საქართველოს საპატრიარქოს, როგორც ძეგლის მესაკუთრეს.კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახური ადგილზე ვითარებას კიდევ ერთხელ შეაფასებს, რის შემდეგაც განხორციელდება კანონით განსაზღვრული ქმედებები.
სააგენტო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და არ დაუშვას ისტორიული ძეგლების დაზიანება ან განადგურება.”


