ზღვის პლაჟის ხელოვნური კვებისთვის აჭარის ბიუჯეტში 2 მილიონი ლარია გამოყოფილი

ბათუმში, ახალი ბულვარის გასწვრივ ზღვის ხელოვნური კვებისთვის მიმდინარე წელს 120 ათასი კუბური მეტრი ხრეშია შესატანი. ამ რაოდენობის ხრეშის შეტანა ზღვაში – ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად და ქალაქის სანაპირო ზოლის დასაცავად – ყოველწლიურადაა აუცილებელი.
აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს პროექტისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მოსამზადებლად. შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი თანხა დაიხარჯება წელს ზღვის ხელოვნური კვებისთვის. აჭარის ბიუჯეტში კი საამისოდ 2 მილიონი ლარია გამოყოფილი.
„პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები მოიცავს მდ. ჭოროხზე სამმართველოს მიერ მითითებული კარიერიდან ინერტული ნატანის ამოღებას, ტრანსპორტირებას და სანაპირო ზოლის ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე სამმართველოს მიერ მითითებულ უბნებზე, წინა წლებში მოწყობილი რეცხვადი ბერმის რეკონსტრუქციის სამუშაოებს.
სანაპირო ზოლზე წინა წლებში მოწყობილი რეცხვადი ბერმის რეკონსტრუქციის მიზნით შესატანი ინერტული ნატანის ოდენობა შეადგენს 100 000 – 120 000 კუბ.მ. [რაოდენობა დაზუსტდება პროექტირების პროცესში], ხოლო კარიერიდან სანაპირო ზოლზე შეტანის უბნამდე მანძილი შეადგენს: დაახლოებით 6 – 11 კმ-ს [დაზუსტდება პროექტირების პროცესში],“ – აღნიშნულია ბაზრის კვლევის განაცხადში.
პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ გამოაცხადებენ ტენდერს მდინარე ჭოროხიდან ხრეშის ამოღებასა და ახალი ბულვარის გასწვრივ ზღვაში ჩაყრაზე.
ნატანის დეფიციტი ახალ ბულვართან ს სანაპიროს ერთი პრობლემაა. მეორე პრობლემა ბათუმის კონცხთანაა, სადაც პლაჟის უსაფრთხოებისთვის ჭარბი ნატანის ამოღება და გატანაა აუცილებელი.
ვინაიდან შტორმის დროს ზღვა ბათუმის სანაპიროს ანგრევს, ხრეშის ხელოვნურად შეტანაც პერიოდულად აუცილებელია. 2023 წელს ზღვაში 413 ათასი კუბური მეტრი ხრეში შეიტანეს, 2024 წელს კი 110 ათასი კუბური მეტრი. შესაბამისად, ორი წლის წინ ზღვის ხელოვნური კვებისთვის ბიუჯეტიდან 5 417 196 ლარი დაიხარჯა, გასულ წელს კი – 1 208 883 ლარი [ტენდერი 1 715 827 ლარით იყო გამოცხადებული].
შესაბამისი კვლევებით დადგენილია, რომ ახალ ბულვართან დღეისათვის არსებული ვითარების [ხელოვნური პლაჟის] შესანარჩუნებლად საჭიროა ყოველწლიურად 110-125 ათასი კუბური მეტრი ხრეშის ხელოვნურად შეტანა.
„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლუატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც აჭარის მთავრობის დაკვეთით 3 წლის წინ მომზადდა, თუმცა „ახალ სტრატეგიაზე“ ჯერ მუშაობაც არ დაუწყიათ.
წყარო: “ბათუმელები”