ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს დღეს, 22 დეკემბერს განიხილავენ. მისი სიტყვებით, პროკურატურა მისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
„19:30-ზე ჩამინიშნეს დღეს პროცესი. გირაოს ითხოვენ“, – წერს „ფეისბუკში“ პოლიტიკოსი.
ზურა ჯაფარიძემ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მისჯილი 7-თვიანი ვადა ციხეში სრულად გაატარა და საპატიმრო 19 დეკემბერს დატოვა. მაშინ პოლიტიკოსმა თქვა, რომ მოელოდა ხელახალ დაპატიმრებას:
„გზავნილი არის, მარტო ჩემზე არა [ელენე ხოშტარიაზეც, გიორგი ვაშაძეზეც და ნიკა გვარამიაზეც], ღია ტექსტით გვეუბნებიან, რომ „ცოტა ხანში გამოგიშვებთ, რომ შეიგრძნოთ რა არის თავისუფლება და მერე გადაწყვიტეთ, ან უნდა გაჩუმდეთ, ან ქვეყნიდან უნდა წახვიდეთ“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ პროკურატურამ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე მაშინ აღძრა, როცა ის ციხეში იყო. 6 ნოემბერს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა ოპოზიციონერი (მიხეილ სააკაშვილი, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე) პოლიტიკოსის წინააღმდეგ. მათ ნაწილს ედავებიან საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
მათ შორის ზურა ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს იდენტური მუხლებით წაუყენეს ბრალი:
· საბოტაჟი (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა);
· უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (319-ე – 7-დან 15 წლამდე პატიმრობა).
გენერალური პროკურორის თქმით:
· უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით“, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტის, „სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ“ და „თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“;
· ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს სანქციებისთვის აწვდიდნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მონაცემებს – „შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს“;
· ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2024 წლის არჩევნების შემდეგ „თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით“ „დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის“;
· მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციითა და ვიდეომიმართვებით, რომლებიც ვრცელდებოდა მედიასაშუალებებით, „მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ“.
ამ საქმეზე მილიონ-მილიონ-ლარიანი გირაო შეუფარდეს „ლელოს“ ლიდერებს ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს. ამ საქმის აღძვრამდე რამდენიმე თვით ადრე, ზურა ჯაფარიძის მსგავსად, ორივე მათგანი საპატიმროში იყო საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო.




