ზურა ჯაფარიძე: დიდი შანსი იყო ბაჩიაშვილი მოეკლათ

“დიდი შანსი იყო ბაჩიაშვილი მოეკლათ” – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, “თანაინვესტირების” ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის კრიტიკა იმის გამო, რომ მან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, არასწორია.

ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ კონკრეტულად იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს “გაჭედილი” ჰქონდა, რომ ბაჩიაშვილმა ფული წაართვა, ის ძალიან დიდი რისკის ქვეშ იყო.

მე არ მომწონს, როდესაც ბაჩიაშვილს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ საპროცესო გააფორმა. ბაჩიაშვილი იყო, ჩემი აზრით, ყველაზე მარალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანი, დიდი შანსი იყო, რომ ის მოეკლათ ჩვეულებრივად. ძალიან დიდი შანსი იყო. ვერცერთ სხვა პოლიტიკურ ლიდერზე ვერ ვიტყვი მაგას, აი ბაჩიაშვილზე, კონკრეტულად იმის გამო, რომ ივანიშვილს გაჭედილი ჰქონდა, რომ ამან მე ფული მომპარა, თუ წამართვა და რაც მას გაუკეთეს მერე თავისი მოტაცებიანად, კანონმდებლობის ცვლილებით, ოჯახის წევრებზე საქმეები და ბოლოს ციხეში შეყვანა, საკანში და ფიზიკური ანგარიშსწორება, მერე ციხის უფროსის სიკვდილი, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იყო, რომ ეს ადამიანი შეიძლება მოეკლათ. 

ამიტომ, ბაჩიაშვილი შეიძლება გააკრიტიკო წარსულის გამო, რატომ იყავი ივანიშვილთან და რატომ იყავი მისი მარჯვენა თუ არა მარცხენა ხელი და რატო ეხმარებოდი, ამაზე ყველაფერზე შეიძლება გააკრიტიკო, მაგრამ იმაზე კრიტიკა, რანაირად გააფორმა საპროცესო, არასწორია,” – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.  

“თანაინვესტორების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი 18 თებერვალს გაათავისუფლეს. მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

  • ბაჩიაშვილს სასჯელის სახით ბაჩიაშვილს ერთი წლით პირობითი მსჯავრი და 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. 
  • ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ყველა მიმდინარე საქმეზე გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება, ხოლო მშობლების წინააღმდეგ არსებულ საქმეზე შეწყვეტილია სისხლისსამართლებრივი დევნა.