ზურა ჯაფარიძეს 7 თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, მას შესთავაზეს ვადაზე ადრე გათავისუფლება, რაც კანონით გათვალისწინებული პროცედურაა.
“ვინაიდან არც ერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას, ზურაბ ჯაფარიძემ მკაფიო უარი განაცხადა” – ინფორმაციას მისი პოზიციის შესახებ ჯაფარიძის ოფიციალური გვერდი ავრცელებს ფეისბუკზე.
ზურა ჯაფარიძე სასჯელს ციხეში სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო იხდის – კომისია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს ჩადენილ დანაშაულებებს სწავლობდა. 2012 წლამდე ზურა ჯაფარიძეს ხელისუფლების არც ერთ შტოში თანამდებობა არ ეკავა.
პატიმრობისას, მას და სხვა პატიმარ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დამატებითი ბრალდება წაუყენეს.
6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა ოპოზიციონერი (მიხეილ სააკაშვილი, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე) პოლიტიკოსის წინააღმდეგ. მათ ნაწილს ედავებიან საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
ზურა ჯაფარიძეს ახალი ბრალი წაუყენეს საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე – 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.




