პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” („ალტ-ინფო”) ერთ-ერთი ლიდერი ზურა მახარაძე თბილისის პროკურატურაში 29 თებერვალს გამოკითხვაზე დაიბარეს. „ალტ-ინფოს” ტელეარხის ეთერში მახარაძემ თავისი გამოკითხვა დაუკავშირა „მაესტროში”, გადაცემა „უცნობის კიდობანში” სტუმრობას.
„2021 წლის რაღაც თემაზე არის. [„უცნობის კიდობნის”] ეთერის მერე, დილით დაბლოკეს ჩვენი ძირითადი Youtube-არხი. საღამოს დამირეკეს და დამიბარეს პროკურატურაში. მივალთ და გავარკვევთ”, – თქვა ზურა მახარაძემ.
საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მახარაძე ქალაქის პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული ფარული მიყურადება-მოსმენის საქმეზე („კრებსების საქმეზე”), რომელზეც პროკურატურამ არაერთი პირი გამოჰკითხა. „მისი დაბარება „5 ივლისის საქმეს” არ უკავშირდება”, – გვითხრეს პროკურატურაში.
„ალტ-ინფოს” დამფუძნებლები არიან 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარშის” კონტრაქციის ორგანიზატორები, რა დროსაც 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
რაც შეეხება „კრებსების საქმეს”, 2021 წლის 12 სექტემბერს, გვიან ღამით, მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული – ტექსტური ფაილები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ეს იყო სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები – ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუსი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.
ჩანაწერები სხვადასხვა ნიშნით არის დახარისხებული: ცნობები, სექსუალური კავშირები, მოგზაურობების ისტორიები, სატელეფონო საუბრები, პირადი მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრების დეტალები. გავრცელებული ჩანაწერები წლების განმავლობაში შეგროვებული მასალის ფრაგმენტებია და თუ ისინი ნამდვილია, გამოდის, რომ „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის პირველი წლებიდანვე უთვალთვალებს და აგროვებს კომპრომატებს საპატრიარქოს წევრებსა და სასულიერო პირებზე.
პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 2021 წლის 14 სექტემბერს დაიწყო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.