ზურა ვარდიაშვილი: “სასამართლოს მანდატურის უფროსი მეძგერა, შენობაში შემათრია, კანონის წინაშე აგებ პასუხსო”

ონლაინგამოცემა პუბლიკის” რედაქტორი, ზურაბ ვარდიაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა, დავით მატიაშვილმა სასამართლოს ეზოში ვიდეოს გადაღების გამო პირადობის მოწმობა ჩამოართვა და კანონის წინაშე პასუხისგებით დაემუქრა.
როგორც ზურა ვარდიაშვილი ჰყვება, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც დავით მატიაშვილმა პარტია „ახალის” წევრი, ნოდარ ჩაჩანიძე ძალით გაიყვანა სასამართლოს დერეფნიდან.
“ნოდარ ჩაჩანიძეს ეკამათებოდა დერეფანში, რომელიც წითელი ლენტით შემოსაზღვრული ბარიერის მიღმა იჯდა, ისე იქ სხვა ხალხიც იყო და პროვოკაციებზე მიდიოდა, „ვინ გიხდის აქ რომ ხარო“, ეუბნებოდა “რას ჰქვია ვინ მიხდისო” და ასეთი კამათი იყო, მერე [დავით მატიაშვილმა] უცებ დაიწყო ყვირილი “უნდა გაგიყვანოო” და დაეტაკა. ამ დროს სხვა მანდატურებიც ეცნენ და მოათრევდნენ ნოდარს. მეც გამოვყევი, დერეფანში არ ამომიღია ტელეფონი, მაგრამ ეზოში რომ გამოვედით, სიმართლე გითხრათ, თავიდან ამომივარდა რომ ამ გადაღების აკრძალვაში ეზოც შეიტანეს, ეზოში რომ გამოვედით, ახლა გადავიღებ- მეთქი ვიფიქრე, ამოვიღე ტელეფონი და ვცადე გადაღება, მაგრამ მეძგერა მატიაშვილი, შემათრია ოთახში, პირადობა გამომართვა და ტელეფონი ჩამომართვა და გახსნას შეეცადა, მაგრამ მერე დამიბრუნა და “კანონის წინაშე აგებ პასუხსო”, დამემუქრა. რაზე უნდა ვაგო პასუხი? თავიდანვე შეეძლო ეთქვა ნუ იღებო და არაფერს გადავიღებდი”, – მოუყვა ზურა ვარდიაშვილი რადიო თავისუფლებას.
კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 30 ივნისიდან აიკრძალა სასამართლო დარბაზებში, დერეფნებსა თუ ეზოში ფოტო-ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა.
ახალი წესის ამოქმედების შემდეგ, მედიასაშუალებებმა გადაღების უფლებისთვის განცხადებით მიმართეს იუსტიციის საბჭოს, – კანონით დადგენილ უწყებას, – თუმცა ჯერჯერობით პასუხი არცერთს არ მიუღია.
ფორუმი