ზურაბ ჯაფარიძე: …რადგან მისთვის დღეს ციხეში მეტი ჟანგბადია

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და კოალიციის, “ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე:
არსებობს დრო, როდესაც გარემო იმდენად საშიში ხდება, რომ ადამიანები ცდილობენ დაემალონ ამ გარემოს.
არათუ ბრძოლაზე, არამედ ლაპარაკზე და ხშირ შემთხვევაში, ფიქრზეც კი ამბობენ უარს. დუმილში იმალებიან, რითიც ფაქტობრივად ადამიანობაზე ამბობენ უარს. ტერორის მიზანიც ეს არის.
ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, როდესაც ვხედავდი ქართველი სპორტსმენების დუმილს, რომელთაც დაიჯერეს, რომ კარგი სპორტსმენობა და იმის თქმა, რომ საქართველოს ნაკრების მაისურის ტარება პატივია, საკმარისია იმისთვის, რომ ცხოვრება წყნარად გააგრძელო;
ან როცა ვხედავდი, რომ ათასნაირი ნიშნით დავიყავით ხალხი და ათასნაირი მარში მოვაწყეთ, მაგრამ ქვეყანაში, სადაც 200 ათასამდე რეგისტრირებული სპორტსმენია, მთამსვლელების გარდა, არცერთი სახეობა არ გამოვიდა ერთად ქუჩაში.
მარტო სპორტსმენებზეც არაა. “სპორტი და პოლიტიკა გავმიჯნოთ”, “კულტურა და პოლიტიკა გავმიჯნოთ” – ეს პროპაგანდაც იგივე მიზანს ემსახურება. ‘პოლიტიკაში არ ჩაერიოთ, კითხვები არ დასვათ, მაგრამ კარგად თუ იმუშავებთ, შეიძლება დაგიფასდეთ.’
“სტახანოველობა” ერქვა ადამიანის ასეთ მდგომარეობას საბჭოთა კავშირში. ახლაც გვყავს სტახანოველი “პროფესიონალები” ყველა სფეროში, ხშირად სხედან რუსულ ქართულენოვან არხებზე და ლაპარაკობენ ყველაფერზე, გარდა პოლიტიკისა.
თუმცა ასეთ დროსაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან წავიდნენ მსხვერპლზე და არ თქვან უარი ფიქრზე, ლაპარაკზე და მოქმედებაზე.
სხვანაირად არ შეუძლიათ, რადგან სხვა შემთხვევაში არა უბრალოდ შვილების მომავალს კარგავენ, როგორც ამას ხშირად ამბობენ ტელეეთერებში, არამედ საკუთარ თავსაც კარგავენ.
იმ თავისუფლების გარეშე, რომელიც აქვთ, ისინი გაქრებიან. ზღვარი მათსა და რიგით ზარქუას შორის წაიშლება და ეს იქნება ყველაფრის დასასრული, რისთვისაც მათ ცხოვრებას აზრი აქვს.
ასეთი ხალხი დგას რუსთაველზე დღეს.
კიდევ არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები, რომელთა რაოდენობაც ძალიან ცოტაა ყველა საზოგადოებაში.
ბევრი წელი გაივლის და როდესაც ჩვენი ისტორიის ამ სირცხვილით სავსე დროს გაიხსენებენ, არავის ემახსოვრება ეს უსინდისო მონები, ზუსტად ისე როგორც უკვე არ გვახსოვს გადამდგარი და გაყრილი მინისტრები და პარლამენტარები, მაგრამ ყველას ემახსოვრება რომ ამ დროში ცხოვრობდა კარგი პოეტი, რომელმაც გარდა იმისა, რომ აკეთა ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა – წერა ლექსები, აკეთა ისიც, რასაც მისგან მოელოდა ყველა – აპროტესტებდა ყველგან და ყოველთვის როცა და სადაც შეეძლო, აკეთა ყველაფერი, რაც საკმარისზე მეტი იყო იმისთვის, რომ დარჩენილიყო ქართველების მეხსიერებაში და გააკეთა ის, რასაც იშვიათად ელიან მისგან – სილა გააწნა რეჟიმს! რადგან სხვანაირად ცხოვრებას უკვე ვეღარ აგრძელებდა.
და გახდა უფრო მეტი, ბევრად მეტი ვიდრე კარგი პოეტია, ისე, რომ ეს ამბავი საერთოდ არც აინტერესებს და აგრძელებს ბრძოლას თავის დემონებთან ახლა უკვე ციხის კედლებში, რადგან მისთვის დღეს ციხეში მეტი ჟანგბადია.