„კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე:
„კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმადიარის ამბავზე ათასი რამე წავიკითხე, მათ შორის ბევრი სწორი და ბევრად მეტი სისულელე
მხოლოდ ერთ რამეზე მინდა პასუხის გაცემა. უფრო სწორად ჩემი პოზიცია მინდა გასაგები იყოს
‘პოლიტიკოსები ხალხს არ უსმენენ’-ზე
მე ვის ვუსმენ:
პირველ რიგში თუ ვინმეს ვუსმენ, ესაა ალიანსში მყოფი პოლიტიკოსები. არა იმიტომ რომ პოლიტიკოსებს ეძახიან, არც იმიტომ რომ მეტი ინფორმაცია და გამოცდილება აქვთ, არც იმიტომ რომ რაიმე განსაკუთრებული უნარები აქვთ (ეს ყველაფერი სხვადასხვა დოზით მართლა აქვს უმეტესობას). ეს ხალხი დგას ბრძოლის წინა ხაზზე. ამ ხალხს ხვდება ყველაზე მეტი ტყვია. ეს ხალხი რისკავს ყველაზე მეტად იმით რაც ყველაზე ძვირფასი აქვთ. ეს ხალხი ვერ გატეხა და ვერ იყიდა აქამდე ბოროტმა, დაუნდობელმა, თუმცა ფულით სავსე სისტემამ. ამ ხალხს ემუქრება თავისუფლების დაკარგვა, ქვეყნიდან გადახვეწა ან უარესი. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გიცვლის თვალსაწიერს და ამ მომენტში ჩემთვის ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაფერი დანარჩენი, ვის რა ხასიათი აქვს, რა წარსული აქვს, რაშია მაგარი და რაშია სუსტი, მათ შორის ვის რა დამოკიდებულება აქვს ჩემს მიმართ, არის 37-ე ხარისხოვანი ახლა და აქ. კი, ვაშაძეს, ჩერგოს, ბოკუჩავას, ცუცქირიძეს, გვარამიას და სხვებს ვუსმენ პირველ რიგში. რომც არ ვეთანხმებოდე, დროს ვხარჯავ პირველ რიგში მათ მოსმენაზე.
შემდეგ ვუსმენ იმ ადამიანებს ვინც დღეს ციხეში ზის და მათ შორისაც პირველ რიგში პოლიტიკოსებს. ამ ადამიანებმა დათმეს ყველაზე ძვირფასი – თავისუფლება. დათმეს რაღაცისთვის, რაც ჩათვალეს რომ უფრო მნიშვნელოვანია. ნებისმიერს ციხეში მყოფთაგან შეუძლია გამოვიდეს ხვალვე, თუ უბრალოდ თავს დაუხრის სისტემას. და აქამდე არცერთს ეს არ გაუკეთებია. ჩემთვის გაცილებით ღირებულია ასეთი ადამიანების აზრი, ვიდრე ნებისმიერი სხვის. რას ფიქრობს ლაკა, ნიკა, მიშა, ხაბე, ირაკლი ნადირაძე, თორნიკე თოშხუა ან ნებისმიერი სხვა, ნებისმიერი სინდისის პატიმარი – ამის გაგებაზე ვხარჯავ დროს.
შემდეგ ვუსმენ რუსთაველზე მყოფ ხალხს. ეს ხალხი ინახავს პროტესტის ნაკვერჩხალს, ამას აკეთებს 500 დღეზე მეტია, ქარში, წვიმაში, ყინვაში, თოვლში. საოცარი ხალხია. როცა ვახერხებ, ყოველ ჯერზე ვტკბები მათი ყურებით. ამ ხალხის მოსვლა რუსთაველზე ყოველ საღამოს, 20:00 საათიდან, თავისი ინდივიდუალურობით, ზოგი დროშით, ზოგი წყვილად, ზოგი სკამით, ზოგი მეგობრებით, ზოგი სპეციფიური მისალმებით, ზოგი ყოველდღე ახალი ხუმრობით, ზოგი მზესუმზირით, ზოგი სიგარით, ზოგი მხიარული, ზოგი მწუხარე, ზოგი ახალ-ახალი ისტორიებით, ყველა თავის ტრადიციულ ადგილას, მაგრამ ჯამში ყველა სადღაც შორს, გადაკარგულში არსებული, მაგრამ მაინც იმედით თუ რწმენით რომ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ. ჩვეულებრივი კარგი ფილმია ის რაც რუსთაველზე ყოველდღე ხდება, უბრალოდ დანახვის უნარია საჭირო. არასოდეს შემპარვია ეჭვი რომ ამ ბრძოლას მოვიგებთ, არა მხოლოდ რუსთაველზე მდგომნი, არამედ ყველა ერთად. მაგრამ ასევე არასოდეს შემპარვია ეჭვი რომ ეს მოგება აუცილებლად დაშენდება იმაზე რაც რუსთაველზე ხდება და იმ ხალხის ბრძოლაზე ვინც რუსთაველზე დგას. ამიტომ ვუსმენ ამ ხალხს. და ერთი ეკა ასათიანის ან ნიკო ცეცხლაძის აზრი ბევრად ძვირფასია ჩემთვის ვიდრე იმათი ყოველდღე რომ ეთერებიდან იმოძღვრებიან.
შემდეგ ვუსმენ იმათ ვინც მე მომყვება წლებია, მხარს მიჭერს სხვადასხვა ფორმით, გვერდში მიდგას, მათ შორის ხშირად ფიზიკურადაც. ამ წლების განმავლობაში ათასნაირი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მომიწია, მათ შორის კონტროვერსიულებისაც. იყო ისეთები, რომლებიც დღევანდელი გადმოსახედიდან შეცდომად მიმაჩნია. ძალიან მეეჭვება მხარდამჭერებში თუნდაც ერთი იყოს ისეთი ვისაც ყველა ჩემი გადაწყვეტილება მოსწონებია ან ისეთი ვინც თუნდაც ერთ გადაწყვეტილებას არ გამოეყვანოს წყობიდან. მაგრამ ეს ადამიანები მენდობიან, ჩემთან ერთად ცხოვრობენ ამ ერთ ცხოვრებას და ეს ნდობა ჩემთვის დასაფასებელია. ამიტომ ვუსმენ მათ. ერთი გოგა ხაჩიძის ან თეკო გოგიას აზრი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის ვიდრე იმათი ვისაც ცხოვრებაში არაფერზე აუღია პასუხისმგებლობა.
შემდეგ ვუსმენ უცნობ თუ ნაცნობ მოქალაქეებს, ადამიანებს რომლებიც მხვდებიან ეზოში, ქუჩაში, უბანში, რეგიონში, ტაქსიში, ყველგან სადაც სხვადასხვა დროს მიწევს ყოფნა. ყველა მელაპარაკება. ყველას ვუსმენ. ხანდახან საათობით. იშვიათი შემთხვევების გარდა, არასოდეს ვარ გაძლებაზე, რადგან მართლა მაინტერესებს რას ფიქრობენ, რას განიცდიან, რისი იმედი აქვთ, რა აქვთ ჩემთვის სათქმელი. სისულელეების მოსმენაც მიწევს ცხადია, მაგრამ მიღირს ამაში დროის ხარჯვა. სინამდვილეში ამ ხალხისგან და მათი მოსმენიდან ვიცი რომ მოვიგებთ.
აქ მთავრდება ჩემი ‘ხალხის მოსმენა’. მეტი არც დრო მაქვს და არც სხვა ვინმეს მოსმენის ინტერესი.
და ბოლოს:
‘პოლიტიკოსი თუ ხარ, მეტი მოგეთხოვება’ – არის ბოდვა ამ რეალობაში. ჩვეულებრივი ადამიანები ვართ ყველა. უბრალოდ მძღნერში ცხოვრება არ მინდა, მითუმეტეს არ მინდა ჩემი შვილებისთვის. და თუ ბრძოლის ხაზი გადის ‘პოლიტიკოსობაზე’, ვიქნები პოლიტიკოსი. სანტექნიკოსობაზე რომ გადიოდეს, სანტექნიკს დავირქმევდი. იგივე შეუძლია გააკეთოს ნებისმიერს. ნებისმიერს. მხოლოდ მონდომება და ერთი ადგილია საჭირო. მემკვიდრეობით არავის გვრგებია ეს არჩევანი. არავისზე მეტი არ მომეთხოვება. საერთოდ არაფერი მომეთხოვება. ‘მომეთხოვება’-ს გამო არასოდეს გამიკეთებია არაფერი.
პ.ს. ალიანსთან საკომუნიკაციო გზები – აწი ყველა ჩემს პოსტს დაერთვება:




