ზურაბ ჯაფარიძე – აშშ-ის მიერ დასანქცირება ნიშნავს, რომ გარიყული ხარ, ხელს არ ჩამოგართმევს არავინ ნორმალური ამ ცივილიზებულ სამყაროში, ფოტოზეც არავინ არ გამოჩნდება შენთან ერთად

აშშ-ის მიერ დასანქცირება ნიშნავს, რომ გარიყული ხარ, ხელს არ ჩამოგართმევს არავინ ნორმალური ამ ცივილიზებულ სამყაროში, ფოტოზეც არავინ არ გამოჩნდება შენთან ერთად, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსს“ აქციაზე განუცხადა, ნებისმიერი ასეთი სანქცია ქვეყნის იმიჯს აზიანებს და ქვეყნისთვის კარგი არ არის.
„ეს ქვეყნისთვის კარგი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება. ნებისმიერი ასეთი სანქცია ქვეყნის იმიჯს აზიანებს, თუმცა მე არ მგონია, რომ რა რეალობაც ახლა არის ქვეყანაში შექმნილი, ამას კიდევ რაღაც ჩრდილი მიადგეს დამატებით, ისედაც ქვეყანა ვართ, სადაც ძალაუფლება უზურპირებულია რუსული ძალის მიერ, რომელმაც მოიპარა. სულ რამდენიმე დღის წინ ქუჩაში ახალგაზრდები აწამეს, ამიტომ იმიჯი ისედაც შელახულია. ივანიშვილსა და მისი გარემოცვისთვის ნებისმიერ შემთხვევაში ეს ძალიან მწარე იქნება“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
ინფორმაციისთვის, -ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.
განცხადების თანახმად, “როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს”.