ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას კონკრეტულ 5-პუნქტიან გეგმას სთავაზობს – ხუთი პრიორიტეტის ჩამოყალიბებაში საკვანძო იყო მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ხუთ პრიორიტეტს დაასახელებს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის იზოლაციიდან გამოყვანას, ევროკავშირის წევრობისკენ წაიყვანს და საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის ევროპული კეთილდღეობის მოტანას.
როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა განმარტა, აღნიშნულ ხუთ პრიორიტეტს საზოგადოებას „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ყვარელში, ს სახლში დღეს, 18:00 საათზე წარუდგენს. ჭიაბერაშვილის თქმით, ხუთი პრიორიტეტის ჩამოყალიბებაში საკვანძო იყო მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ჩიხში შეიყვანა, ხელისუფლებაში მისი დარჩენა ქვეყანას სრული იზოლაციით და მოქალაქეებს ამ იზოლაციაში კიდევ უფრო გაღატაკებით ემუქრება.
„ამის საპირისპიროდ, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას კონკრეტულ 5-პუნქტიან გეგმას სთავაზობს, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ეკონომიკა ამუშავდეს ხალხისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სოციალური სამართლიანობა, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ და საქართველომ აისრულოს თავისი ისტორიული ნატვრა – თავი იგრძნოს უსაფრთხოდ და დაცულად და ყოველი მისი მოქალაქე იყოს ევროპული ტიპის კეთილდღეობაში.
5 პრიორიტეტი იმ დიალოგის შედეგად ჩამოყალიბდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებმა საქართველოს მოქალაქეებთან გამართეს საქართველოს ყველა კუთხეში, სოფელსა თუ ქალაქში. ამ დიალოგის დროს მოქალაქეები საუბრობდნენ იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ წინაშე დგას და ბუნებრივია, ჩვენ ვპასუხობთ ქართველ ხალხს. ხუთი პრიორიტეტის ჩამოყალიბებაში საკვანძო იყო მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა, რომელმაც „ვარდების რევოლუციის შემდეგ“ ერთხელ უკვე გამოიყვანა ქვეყანა 90-იანი წლების იზოლაციიდან და სიღატაკიდან და ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის დიდი გამოცდილება და უნარი ამ ქვეყანას კიდევ ერთხელ დაეხმარება იმაში, რომ ეს 5 პრიორიტეტი არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ რეალობად იქცეს. ასევე, ამ 5 პრიორიტეტის ჩამოყალიბებაში სხვადასხვა სფეროს გამოცდილი და კვალიფიციური ექსპერტი მონაწილეობდა.
5 პრიორიტეტი ეფუძნება ერთიანობის, ეროვნული თანხმობის, ქვეყნის გამთლიანების, საზოგადოებაში ეროვნული თანხმობის მიღწევის, ერთიანობის პრინციპს, იმას, რომ როცა ჩვენ ერთიანი ვართ, ყველაფერი შეგვიძლია, ხოლო როცა ვიყოფით, ბუნებრივია, მტერი ხარობს ჩვენზე და ეს ისტორიულადაც არაერთხელ დადასტურებულა. “ქართული ოცნების’ 12-წლიანი მმართველობა არის დაფუძნებული მხოლოდ სიძულვილზე, დაპირისპირებაზე, გათიშულობაზე, 5 პრიორიტეტი პასუხობს იმ პრობლემებს, რომლის წინაშე ჩვენი მოქალაქეები დგანან: ეს არის გაზრდილი ფასები, უმუშევრობა, სიღარიბე და ამ პრობლემების გამო ქვეყნიდან გაქცეული ათიათასობით მოქალაქე და გახლეჩილი ოჯახები.
5 პრიორიტეტი მომავლის ხედვაა, როგორი გვინდა იყოს მომავლის საქართველო, 5 პრიორიტეტი არის გზა, როგორ ვიპოვოთ ჩვენი თავი ჩვენს ქვეყანაში, როგორ მოვახდინოთ ჩვენი თავის რეალიზაცია, როგორ გამთლიანდეს ოჯახები. დარწმუნებული ვარ, ყველა ინტერესით მოუსმენს თინა ბოკუჩავას დღეს, 18:00 საათზე,“- განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე.