პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა 19 აპრილის აქცია, რომელიც ეძღვნება 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას, – ამის შესახებ დაკავებულ ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან განუცხადა, სადაც 1 საათში სტუდენტების მიერ დაორგანიზებული აქცია დაიწყება.
“მრავალი წლის განმავლობაში ახალგაზრდების ასეთი აბობოქრება, ახალგაზრდების ასეთი ეროვნული სულისკვეთების დემონსტრირება არასდროს ყოფილა. ეს ახალგაზრდები მარშით მივიდნენ და ერის, სამშობლოს წინაშე დადეს ფიცი, რომ არავის დაუთმობდნენ არც შიდა და არც გარე მტერს საქართველოს, რომ გმირების სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას არავის დაუთმობდნენ. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი დღეა, ამ აქციას ვუერთდებით პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები”,- განაცხადა ცეცხლაძემ.
პარლამენტთან 20:00 საათზე სიტყვით გამოსვლები დაიწყება, შემდეგ, მსვლელობით სანაპიროს გავლით გმირთა მოედნისკენ გაემართებიან, სადაც ფიცის დადების ცერემონიას გამართავენ.
