ერს საღათას ძილით სძინავს და არ აპირებს გაღვიძებას. რეჟიმი სინათლის სიჩქარით მიაქანებს ქვეყანას რუსეთში – ერს ვეუბნები: სანამ ჩემი 19 წლის ბიჭი ზის ციხეში და შენი 16 და 17 წლის არ ზის, გამოდი აქ და დაიცავი ამ ქვეყნის მომავალი, რადგან ხვალ გვიან იქნება – იმედი მაქვს, ამიერიდან გაიღვიძებენ და ნახავენ, რომ ჩვენი ქვეყანა მართლა იღუპება, ნუ გძინავთ სახლში!- ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძემ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.
ის აქციაზე მისული მოქალაქეების რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ადამიანებს დაკავებისა და დაჯარიმების ეშინიათ.
„ბანერები უფრო მეტია, ვიდრე ადამიანები. ეს არის ერის სირცხვილი. 50 კაცი ზის ციხეში, 19 წლის ბიჭები და მის მხარდასაჭერად 50 კაცი ვერ მოსულა. იცით, ქვეყანაში რა ხდება? ერს სძინავს, სძინავს საღათას ძილით და არ აპირებს გაღვიძებას. ხელისუფლება, რეჟიმი, სინათლის სიჩქარით მიაქანებს ამ ქვეყანას რუსეთში. ევროპისკენ მიმავალი გზები ჩაჭრილია, არაფერია დარჩენილი, ვიზალიბერალიზაციასთან ვიყავით მისული და ჩათვალეთ, რომ ისიც აღარ არის, სიტყვა ოკუპანტი ვერ უთქვამს რეჟიმს. დასცინიან ერს მანქურთი ჩინოვნიკები, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები მასხრად იგდებენ ერს და ეუბნებიან, ძალიან კარგია, თუ ვიზალიბერალიზაციას გაგვიუქმებენ, ხალხი წავა სოფელში და სოფელს მიხედავსო. იცით ეს ქვეყნისთვის რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ არაფრის ღირსი ვართ. მართლა არ ვართ არაფრის ღირსი, არც დამოუკიდებლობის, არც თავისუფლების, არც ევროპული მომავლის. დამპალ რუსეთში უნდა ამოგვხდეს სული… სანამ ყველას კარზე არ მივა, ეტყობა ჰგონიათ, არ შეეხებათ. ერს ვეუბნები: სანამ 19 წლის ბიჭი ზის ციხეში და შენი 16 და 17 წლის არ ზის, გამოდი აქ და დაიცავი ამ ქვეყნის მომავალი, რადგან ხვალ გვიან იქნება. პოლიცია რომ დგას, მათი შვილები ევროპაში ვეღარ წავლენ. ვერცერთი ადამიანი ვეღარ წავა და რას მივიღებთ? აყროლებულ რუსეთში ერთ-ერთ გუბერნიად წოდებულ საქართველოს, რომელსაც არავითარი მომავალი არ ექნება.
რასაც აქ ვხედავ, ეს არის სრული მარაზმი. რეჟიმი ერს დასცინის, ქვეყანა რუსეთში მიჰყავს და ხალხს სძინავს, ეზარება გარეთ გამოსვლა და სიტყვის თქმა. საუბარი არაა იმაზე, ვინმეს საფრთხე ემუქრება თუ არა. არავის საფრთხე არ ემუქრება. უბრალოდ, ეზარებათ მოსვლა. იმიზეზებენ, დაგვიჭერენ, დაგვაჯარიმებენო. 19 წლის შვილი ციხეში მყავს, სამსახურიდან გამაგდეს, მამა გარდამეცვალა და 4 დღის შემდეგ შვილი დაიჭირეს, 17 ჯარიმა მაქვს და აქ ვდგავარ, ყველაზე წინ, ალბათ, ყველა ჩემს დღეში უნდა ჩავარდეთ, რომ დადგეთ აქ და იცოდეთ, რა ემუქრება ამ ქვეყანას. ცუდია, რომ მეტის თავი აღარ გვაქვს. „ქოცებისგან“ არ განვსხვავდებით, ლაჩრები ვართ და მეტი არაფერი. იცით, რატომ ვართ ლაჩრები? ჰუმანურები ვართ, ვიღაცას წინააღმდეგობას ვერ ვუწევთ. მაგისტრალს ვერ გადავკეტავთ, დაგვიჭერენო. ამას [ ზვიად ცეცხლაძეს] რომ ასე ეფიქრა, ხომ სახლში მეყოლებოდა?“,- განაცხადა ცეცხლაძემ.
