ზურაბ გურული: სასტიკი ემოციური ფონია ამჟამად საქართველოში. ზუსტად ისეთი, როგორიც უკვე თითქმის დავიწყებულ 90-იანებში

“სასტიკი ემოციური ფონია ამჟამად საქართველოში. ზუსტად ისეთი, როგორიც უკვე თითქმის დავიწყებულ 90-იანებში. ბუნებრივია. პოლიტიკა არც მაშინ არსებობდა და პარა-კრიმინალური, ფსევდო-პოლიტიკური გაუგებრობა მართავდა ქვეყანას კრიმინალური დაჯგუფებების ზურგითა და მფარველობით. ასეთ ტოქსიკურ გარემოში წესიერი ადამიანის არსებობა შეუძლებელია, ან ძალიან რთული. ვისაც სიტუაციის სრულად გააზრება და აღქმა შეუძლია, ბუნებრივ სასოწარკვეთაში ვარდება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შენი გონება შენივე მტერია, რადგან გადარჩენისათვის პრიმიტიულ ბრძოლაში მხოლოდ ქვეცნობიერის ინსტიქტებია გამოსადეგი. როდესაც ინტელექტუალი შეგნებულად ააქტიურებს ქვეცნობიერს და თრგუნავს ცნობიერს, ამას ეწოდება კონფორმიზმი და ასე გადარჩა ქართული ინტელექტუალური ფენა 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის პირობებში; თუმცა, ამ პროცესში კონფორმიზმის ნიღაბი ისე მიეწება უმრავლესობის სახეს, რომ შეახორცდა.
არავინ იცის როგორ დასრულდება ამჟამინდელი ბრძოლა სახელმწიფოებრიობის დასაბრუნებლად თუ თავიდან შესაქმნელად. შესაძლებელია ისევ „ღამე“ ჩამოწვეს დეკადებით; შესაძლებელია უცებ გაიფანტოს „ღრუბელი“. შიდა რესურსი ნორმალური სახელმწიფოს შესაქმნელად ამჟამად არ არსებობს. ზოგადად, ასეთი რესურსი ეროვნულ სამხედრო ელიტაზე დგას და მათ მიერ გაღებული სისხლი არის ის დუღაბი, რომლის გარეშეც სახელმწიფო ვერ აშენდება. დღეს უშუალოდ ვუყურებთ ამ პროცესს ში, სადაც ახალი ერი და ახალი სახელმწიფო იბადება. ვიმეორებ, საქართველოს ეს რესურსი საერთოდ არ გააჩნია. ქართული მხედრობა არ არსებობს. ასეთია ობიექტური რეალობა.
ასე დავრჩით საგარეო ფაქტორების შემყურედ და იმედად. ძალიან არასტაბილური და მყიფე იმედია, მაგრამ რაც არის, ეს არის.
მსოფლიო წესრიგი განვითარების ახალ ფაზაში შევიდა. სიახლით გამოწვეული არასტაბილურობა ყოველთვის ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს პანიკიორებისათვის და ისინიც ბედნიერდებიან, რადგან ავანსცენაზე გამოსვლის საშუალება ეძლევათ. უცებ აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს ინტელექტუალური სივრცე ისეთი მყიფე ყოფილა, მისი ამობრუნება ერთ ადამიანს შეძლებია. რატომ?
იმიტომ რომ ის ღირებულებები, რომელსაც საერთაშორისო სტაბილურობა ემყარებოდა, მუხრუჭის ხუნდებივით გაილია, გაცვდა და მსოფლიო მთელი სისწრაფით დაეშვა დაღმართზე. გამოცდილმა მძღოლებმა იციან, რომ უმუხრუჭოდაც შეიძლება მანქანის გაჩერება კრიტიკულ სიტუაციაში, თუ გონივრულად გამოიყენებ საჭესაც და სიჩქარეთა გადამცემ სისტემას, მაგრამ ამ ყველაფერს ცივი გონება და ქმედება სჭირდება.
დავუბრუნდეთ საქართველოს. რას უნდა აკეთებდეს ამ დროს პასუხისმგებლიანი ქართველი გნებავთ ქვეყნის შიგნით, გნებავთ ქვეყნის გარეთ?
პანიკას უნდა თესავდეს და საზღვარგარეთელი პანიკიორების აპოკალიპტურ სცენარებს ქართულ რეზონანსს უმატებდეს? თავად განსაჯეთ.
რაც შეეხება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს; მაგ ღირებულებების განსჯის ფუფუნება საქართველოს ამჟამად არ გააჩნია; ეგ გამძღარი და დამშვიდებული ქვეყნების პრეროგატივაა. ჩვენ გადარჩენისათვის ვიბრძვით და გააქტიურებული ქვეცნობიერი გვაქვს ისე სამართავი, რომ იძულებით კონფორმიზმად არ გვექცეს და მერე ჩვენი წინაპრებივით სამუდამოდ არ შეგვეხორცოს სახეზე.
დავფიქრდეთ …” – წერს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .