მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული:
პატივცემულო საზოგადოებავ!
მე, ზურაბ გურული, არ ვუკეთებ რეკლამას არანაირ წამალს საქართველოში (არც ამერიკაში)!!
ყველა ის სარეკლამო ვიდეო-რგოლი, სადაც თითქოს ჩემს მიერ კეთდება პროსტატის, დიაბეტის, სახსრების, და ათასი სხვა უბედურების სამკურნალო საშუალებების რეკლამა, არის ყალბი!!!
ეს ვიდეო-რგოლები შექმნილია ჩემი ძველი ინტერვიუების გადაკეთებით, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით და ჩემს გამოსახულებას ალაპარაკებენ ათასნაირ დაუჯერებელ სიბრიყვეს რაღაც უებარ “წამლებზე”.
უკვე რამდენჯერმე დავდე ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუქზე, მაგრამ არ წყდება წერილები ჩემს პირად ფოსტაში. ასობით ადამიანი მთხოვს განმარტებას და იმედგაცრუებული ჩივის, რომ ასობით ლარი გადაიხადეს ამ “წამლებში” და შვება ვერ იგრძნეს.
ქართულ მედია-საშუალებებს ეს პრობლემა არ აინტერესებს. არადა, ასობით პენსიონერია უკვე დაზარალებული და გაბრიყვებული. გავრცელებული აზრი, რომ ასეთ ნაყალბევს ბევრი არ წამოეგება, არის ძალიან მცდარი.
დაზარალებულთა მეშვეობით მოვიპოვე ამ ნაძირალათა ჯგუფის ერთერთი ნომერი, რომელზეც უკავშირდებიან გაბრიყვებულ ადამიანებს : +995591079602
ვინაიდან საქართველოს შსს ბევრად უფრო “მნიშვნელოვანი” საქმეებითაა დაკავებული, იქნებ რომელიმე ტელევიზიის ჟურნალისტებმა მაინც გამოიძიონ ეს პოტენციურად უაღრესად საშიში თაღლითობა და დაეხმარონ უმწეო ადამიანებს.
ეს პრაქტიკა თუ არ ამოიშანთა, ვიღაცის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეიწირავს; ისევე როგორც ვაშლის ძმრის, წყალბადის ზეჟანგის თუ ათასი სხვა უბედურების ყლურწვა ვიღაც ჭკუასუსტი შარლატანების რჩევით.
მიხედეთ, გთხოვთ!
P.S. ვინმემ აქ არ დამიწეროს, მაგას ყველას უკეთებენ და რა პრობლემააო, თორემ სერიოზულად შემომელანძღება.
მე პატივს ვცემ საკუთარ სახელს და პროფესიულ სინდისს.
გმადლობთ!




