ზურაბ გურული: ეს სჭირდება საქართველოს და საქართველოზე უფრო მათ და მათი ოჯახის წევრებს

“დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეთა არსებითმა ნაწილმა ზუსტად არც კი იცის რას ნიშნავს ე.წ. „მეგობარი აქტი“, რის აბრევიატურას წარმოადგენს „MEGOBARI“ და რა ინფორმაციას შეიცავს.
შეგახსენებთ, რომ ეს არის საკანონმდებლო აქტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ქვედა პალატამ უკვე მიიღო და დაამტკიცა, და ამჟამად გაგზავნილია სენატში, სადაც დიდი ალბათობით უცვლელად დამტკიცდება და როცა დამტკიცდება, მიიღებს კანონის სახეს და ძალას.
სიტყვა-სიტყვით, სტილის დაცვით ვთარგმნე კონგრესის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ამ აქტის შესახებ. „ქართული ოცნების“ უმაღლესი პარტიული პირების, მათი მთავრობის სამივე შტოს პასუხისმგებელი ინდივიდების და მათი ოჯახების უშუალო წევრებისათვის ეს არის განაჩენი, რომელიც მათ სამუდამოდ გარიყავს და დაბლოკავს მსოფლიო ცივილიზაციისაგან და სამუდამოდ აუკრძალავს ამ ცივილიზაციის სიკეთეებით სარგებლობას.
უკიდეგანო პოლიტიკურმა და სოციალურმა სიბეცემ, არაპროფესიონალიზმმა, თავხედობამ და უბრალოდ, მავნებლობა-ბოროტებამ საბოლოოდ გამოიწვია უმწვავესი რეაქცია მსოფლიოს ყველაზე მძლავრი სახელმწიფოსაგან.
კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ თუ გონიერება არა, უბრალო ინსტიქტები მაინც დაეხმარება შესაბამის პირებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და შეწყვეტენ მასიურ ტერორს, გაათავისუფლებენ პოლიტ-პატიმრებს, გამოიყენებენ საერთაშორისო მედიატორებს ახალი, თავისუფალი ს ჩასატარებლად.
ეს სჭირდება საქართველოს და საქართველოზე უფრო მათ და მათი ოჯახის წევრებს.
სწრაფად იაზროვნეთ და იმოქმედეთ. დღეები დარჩა მხოლოდ …
————————————
„საქართველოს დამოუკიდებლობის, გამძლეობის, პასუხისმგებლობების მშენებლობის შესაძლებლობათა მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“.
„კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ეს საკანონმდებლო აქტი ავალდებულებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, სანქციები დაუწესოს ზოგიერთ უცხოელ პიროვნებას, მათ შორის საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
კერძოდ, ეს აქტი ავალდებულებს პრეზიდენტს დააწესოს ვიზების შემზღუდავი სანქციები და უფლებას აძლევს პრეზიდენტს, რომ ასევე დააწესოს საკუთრების შემზღუდავი სანქციები ნებისმიერი უცხოელი პიროვნების მიმართ, რომლებიც პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ჩართული არიან საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ძირგამომთხრელ მოქმედებებში უშუალოდ, ან საკანონმდებლო ქმედებების მეშვეობით. სანქცირებული ინდივიდების ოჯახების უშუალო წევრებიც ასევე ექვემდებარებიან ამ სანქციებს, თუ მათ მიიღეს პირადი სარგებელი სანქცირებული ინდივიდების ქმედებათა მეშვეობით.
ეს აქტი ასევე ავალდებულებს პრეზიდენტს, დაუწესოს ვიზის შემზღუდავი სანქციები იმ უცხოელ პირებს, რომლებიც, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეგნებულად მონაწილეობენ კორუპციის, ძალადობისა და დაშინების მნიშვნელოვან ქმედებებში, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ბლოკირების პროცესთან დაკავშირებით.
ამ პირებში იგულისხმება:
. ნებისმიერი ინდივიდი, რომელიც მსახურობდა საქართველოს პარლამენტში, ან საქართველოს პოლიტიკურ პარტიაში, მაღალი რანგის ოფიციალურ პირად, 2014 წლის 1 იანვრიდან;
. ნებისმიერი ინდივიდი, რომელიც მსახურობს წამყვან თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის დავალებით; და
. ამ ოფიციალური პირების ოჯახების უშუალო წევრები, რომლებმაც პირადი სარგებელი მიიღეს სანქცირებული ინდივიდების ქმედებებით.
დამატებით, „სასწრაფო საერთაშორისო ეკონომიკური ზემოქმედებების აქტის“ პოტენციური ამოქმედების მიზნით, პრეზიდენტს ევალება გამოავლინოს ისეთი უცხოელი პირების არსებობა, რომლებიც „მეგობარი აქტის“ ძალაში შესვლამდეც და ძალაში შესვლის შემდეგაც ჩართული იყვნენ, ან არიან: 1) მნიშვნელოვან კორუპციულ პროცესებში საქართველოში, ან 2) საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების ძირგამომთხრელ საქმიანობებში,”” –  წერს სოციალურ ქსელში მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .