“რა თეორიებს და შეპირისპირებით დახასიათებებს არ მოვუსმინეთ ამ დღეებში სტალინზე. არადა, პრაქტიკულად ყოველი მათგანი აბსურდია.
არ არის ამდენი პოლიტიკური, ისტორიული, პატრიოტული თუ რელიგიური ინტელექტუალური წიაღსვლა საჭირო. პატარა, უმნიშვნელო ერიდან გამოსული უთვისტომო კაცის უპირობო გამარჯვების ფენომენია სტალინი; შესაბამისად, მასთან დაკავშირებული ყველა სხვა ელემენტი, იქნება ეს მორალი, ეთიკა, პატრიოტიზმი და ა.შ., მეასეხარისხოვანია.
მხოლოდ განვითარებული ინტელექტი, ანუ განათლება ქმნის გააზრებულ უხერხულობას გამარჯვებული მონსტრებისადმი ტრფიალის მიმართ და ისიც არა ყოველთვის, რადგან პარალელურად, ჯანმრთელი გონების არსებობაც აუცილებელი პირობაა. ასეთი კომბინაცია კი მსოფლიო სოციუმისთვისაც უაღრესად იშვიათია.
მითუმეტეს, ლოგიკურია რომ დათრგუნულ, გალახულ, შეურაცხყოფილ, მკვდარი და დამარცხებული გმირების ქვეყანაში, სადაც სოციუმის აბსოლუტური უმრავლესობა ლოგიკურად დაბოღმილი და სასოწარკვეთილია, უპირობოდ უყვარდეთ ადამიანი, რომელიც თავზე მოაჯდა დამპყრობლებსაც, იმავდროულად ყველა წარმატებულ მეტოქესაც და მთელი სიცოცხლე გამარჯვებულმა და კმაყოფილმა გაატარა. რის ფასად მოხდა ეს, ისევ და ისევ, მეასეხარისხოვანია. გამარჯვებულებს “არ” კი არა, “ვერ” ასამართლებენ!
თუ და როცა, რატომღაც, ოდესმე საქართველო წარმატებული და გამარჯვებული ქვეყანა გახდება, სტალინის ფენომენისადმი ტრფობაც გაქრება და მხოლოდ ავადმყოფ ტვინებში დარჩება.
მანამ კი უცვლელად იქნება აშკარა თუ ფარული სიამაყის ერთადერთი, პლანეტარული მასშტაბის სიმბოლო ალოგიკური, ფანტასმაგორიული გამარჯვებისა.
ამიტომ არის უაზრობა სტალინის ფენომენთან კინკლაობა დღევანდელ რეალობაში. ეს ფენომენი ცნობიერული ზედნაშენია. ყოფითი ბაზისის შეცვლაა საჭირო,” – წერს სოციალურ ქსელში მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული.