ზურაბ გურული: ალბათ ვერავინ გაუგებს ახლა პრეზიდენტ ზელენსკის იმაზე უკეთ, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი

“ალბათ ვერავინ გაუგებს ახლა პრეზიდენტ ზელენსკის იმაზე უკეთ, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი. მახსოვს, როდესაც ასმუსის ცნობილი წიგნი -„5 დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო“ წავიკითხე, ბრაზისაგან ცუდად გავხდი. კარგა ხანი ვერ მოვახერხე დამშვიდება. მერე უილიამ ბარნსის მემუარებიც გადავიკითხე, კონდოლიზა რაისისაც და ყველამ ერთად სააკაშვილს დასდო ბრალი 2008 წლის სამამულო ომის დაწყებაში. -გამოიწვია პუტინი და პროვოკაციას აჰყვაო- ასეთი იყო ვერდიქტი.
ამ ცნობილი ადამიანების არასწორმა და ერთგვარად უსინდისო დასკვნებმა ქართველი პრეზიდენტის შესახებ, შექმნა ის ამერიკა, რომელმაც დღეს საჯარო შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინის გმირ პრეზიდენტს. პრეზიდენტ სარკოზის და კანცლერ მერკელის ნამოქმედარს იმკის დღეს ევროპა, რომელიც დაბნეული და ცრემლმორეული იდგა მიუნხენში და ცდილობდა შოკისაგან გამორკვევას.
„კარმა მეძავია“ – ამბობენ ამერიკელები. ასეა. ძალიან ინანებს ამ დღეს პრეზიდენტი ტრამპი; სამწუხაროდ, მასთან ერთად ამერიკელი ხალხიც; ევროპელებმა უკვე ინანეს და ჯერ კიდევ ბევრი ექნებათ სანანებელი.
ვკითხულობდი დღევანდელ ქართულ ახალ ამბებსაც და … იმ ადამიანსაც მიაკითხა კარმამ კვერცხით, რომელმაც მთელი წიგნი მიუძღვნა საქართველოს დადანაშაულებას 2008 წლის სამამულო ომისათვის.
წარმომიდგენია რა წნეხს გაუძლო პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ დღეებში; თუმცა ვაჭარბებ; ამას ვერავინ წარმოიდგენს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ალბათ პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია გაუგოს მხოლოდ.
მაგრამ, მაინც უნდა შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი. სხვა არჩევანი არა გვაქვს და იმიტომ.
იმედი ვიქონიოთ, რომ ამერიკის პრეზიდენტს მოუწევს თავისი სიტყვების უკან წაღება და გაშალაშინება. იმედი ვიქონიოთ, რომ ევროპელებს ეყოფათ თავმოყვარეობა და გამბედაობა, სთან ერთად შექმნან ახალი, მძლავრი სამხედრო ალიანსი. ვინ იცის …
ჩვენ კი დიდი სიფრთხილე და სიტყვებისა თუ ქცევების ფრთხილად შერჩევა გვმართებს. თუ ის გვესმის, რომ საერთო მიზნისათვის ზოგიერთ ქართველს თვალი უნდა მოვუხუჭოთ და შევუნდოთ, ასეთივე პრაგმატიზმით უნდა მოვიქცეთ უცხოელებთანაც; მითუმეტეს იმ უცხოელებთან, რომლებსაც გადამწყვეტი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ჩვენს მომავალზე.
თუმცა, ეს სრულიადაც არ ნიშნავს უსინდისო კონფორმიზმს!
და ბოლოს, გაუმარჯოს გმირ უკრაინელ ხალხს, რომელიც თანამედროვე პლანეტის სინდისად აქცია განგების უცნაურმა ნებამ და გაუმარჯოს პრეზიდენტ ზელენსკის!
და … გაუმარჯოს იმ ადამიანს, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია გაუგოს პრეზიდენტ ზელენსკის დღეს,” – წერს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .