“რა თქმა უნდა, არავითარი შედეგით არ დასრულდება პუტინის მიერ თურქეთში გაგზავნილი მედინსკის დიპლომატიური მისია.
ყველას თვალში გაცვდა და გახუნდა პუტინის მცდელობები, მშვიდობაზე ლაპარაკით მაქსიმალურად გაწელოს დრო.
ევროპელმა ლიდერებმა ეს უკვე შესანიშნავად იციან. ახლა კი ტრამპის ჯერია.
არადა, ბევრი არც არაფერია საჭირო. ისიც საკმარისია, რომ ტრამპმა უარი არ უთხრას ევროპულ ლიდრებს ამერიკული იარაღის შეძენაზე, რომელსაც ისინი მერე უკრაინელებს გადასცემენ.
და საქმე ნელა, მაგრამ შეუქცევადად მაგისკენ მიდის.
საკუთარ გაუმაძღრობას გადაყვება პუტინიცა და მისი იმპერიაც!
ამით რამე განსაკუთრებულს არ ვამბობ. ეგაა ყველა იმპერიის ისტორიული ბედი.
გამარჯვება უკრაინას!” – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.
ცნობისათვის, თურქეთში მოლაპარაკებებისთვის გაგზავნილ რუსეთის დელეგაციაში რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არ არის. რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის სიას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
დელეგაციის მეთაურად პუტინის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი არის დანიშნული.
ის 2022 წელსაც იყო რუსეთის სამომლაპარაკებლო ჯგუფის მეთაური, როდესაც ერთმანეთს უკრაინული და რუსული დელეგაციები ხვდებოდნენ.
დელეგაციაში ასევე შედიან: მიხაილ გაულიზინი (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე), იგორ კოსტიუკოვი (რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი) და ალექსანდ ფომინი (რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე).