ზუგდიდში, მე-5 საარჩევნო უბანზე კოალიცია „ცვლილებისთვისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერ დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მე-5 საარჩევნო უბანზე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წარმომადგენელ მარიამ გოგოხიასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, თაზო ფაცაციას შორის სიტყვიერ დაპირისპირება მოხდა.
„ქართული ოცნების” წარმომადგენელი თაზო ფაცაცია ამტკიცებდა, რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, მარიამ გოგოხია ამომრჩეველს უბანში შესვლამდე პირადობას ართმევდა. თავად გოგოხიამ ფაქტი უარყო და განმარტა, რომ სინამდვილეში, ამომრჩეველმა მას ს სიაში გადამოწმების მიზნით დახმარებისთვის მიმართა.
„მთხოვა, შეგიძლია დამეხმაროთო? ამ დროს ცესკოს სია ამოვიღე და აღნიშნული ადამიანი ცესკოს სიაში გადავამოწმე, ეწერა თუ არა ამ უბანზე. ეს აინტერესებდა ადამიანს”, – განაცხადა მარიამ გოგოხიამ.
საპასუხოდ „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა თაზო ფაცაციამ.
„აქ საქმე მარტივადაა, თუ დამკვირვებელი ვარ, პირადობის მოწმობა არ უნდა ჩამოვართვა ვინმეს. კოალიცია „ცვლილებისთვის” დგას კარებთან და ართმევს პირადობის მოწმობას, მას არ შეუძლია ეს გაკეთოს, ეს კომისიის წევრის ფუნქციაა”, – განაცხადა თაზო ფაცაციამ.
ამასთან, მარიამ გოგოხიას თქმით, ამავე უბანზე ცოტა ხნის წინ ე.წ. ზონდერჯგუფებიც იყვნენ მობილიზებულები, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებას ცდილობდნენ.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე პოლიციაც იყო მობილიზებული, რომლებსაც თვითონ დაურეკა
“მოვიდა პოლიცია, საბოლოოდ გაიყვანა ხალხი, მაგრამ ამის შემდეგ მოვიდა ზონდერების ჯგუფი, რომლებმაც ჩხუბი დაგვიწყეს და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ. ერთ-ერთი ხელის დარტყმაზეც წამოვიდა. გარეთ ვინც დგანან ისინი იყვნენ ე.წ. ზონდერები. ისინი “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან. მოდიოდნენ ხელის დასარტყმელად, მაგრამ ისევ თავისიანებმა გაწიეს. ბეიჯები არ ეკეთათ”, – განაცხადა მარიამ გოგოხიამ ჟურნალისტებთან.
მე-5 საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.